
ამ წამს ახლო აღმოსავლეთში და ყურის რეგიონში 201 უკრაინელია და კიდევ 34 მზად არიან ჩასვლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გუნდები უკვე არიან ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში და გზაში არიან ქუვეითისკენ.
"ამ წამს ახლო აღმოსავლეთში და [სპარსეთის] ყურის რეგიონში 201 უკრაინელია და კიდევ 34 მზად არიან ჩასვლისთვის. ეს სამხედრო ექსპერტები არიან, რომლებმაც იციან როგორ დაეხმარონ, როგორ უნდა დაიცვა თავი "შაჰედის" დრონების წინააღმდეგ.
ჩვენი გუნდები უკვე არიან ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში და გზაში არიან ქუვეითისკენ. რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად ვმუშაობთ. უკვე არსებობს შეთანხმებები. არ გვინდა, რომ საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ ირანული რეჟიმის ტერორმა წარმატებას მიაღწიოს.
და ეს სამხედრო ექსპერტები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, მოთხოვნით გავგზავნე. რეალურად, ეს "დრონებზე შეთანხმების" ნაწილია, რომელიც აშშ-ის შევთავაზეთ, რომელზეც ერთად ვმუშაობდით და რომელიც ჯერ კიდევ მაგიდაზეა," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და "ძმები სიძულვილში" უწოდა.
"ტერორისტული რეჟიმები ყოველთვის ცდილობენ იპოვონ დაცვის გარღვევის გზები და მკვლელობა უფრო იაფი გახადონ. ირანმა "შაჰედი" დრონების წარმოება წლების წინ დაიწყო. თავდასხმითი დრონები, რომლებიც ახლა, განახლების შემდეგ, უფრო სახიფათოა, ვიდრე რაკეტები. უკრაინაში მოგვიწია მათ წინააღმდეგ დაცვის სწავლა. დაახლოებით სამი წლის წინ რუსეთმა "შაჰედები" მიიღო ირანული რეჟიმისგან...
ირანმა ასწავლა რუსეთს მათი გაშვება და მათი წარმოებისთვის ტექნოლოგიები გადასცა. ამის შემდეგ, რუსეთმა ისინი განაახლა და ახლა ცხადი მტკიცებულებები გვაქვს, რომ [ახლო აღმოსავლეთის] რეგიონში გამოყენებული ირანული "შაჰედები" რუსულ კომპონენტებს შეიცავენ...
რუსეთსა და ირანში რეჟიმები ძმები არიან სიძულვილში. და ამიტომ არიან ძმები იარაღში და გვსურს, რომ რეჟიმებმა, რომლებიც სიძულვილზე არიან აწყობილი, არასდროს არ გაიმარჯვონ არაფერში. და არ გვინდა, რომ მსგავსი რეჟიმი ემუქრებოდეს ევროპას ან ჩვენს პარტნიორებს," - განაცხადა ზელენსკიმ.