
ახლა სიტუაცია მართვადია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება, - ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ კათოლიკოს- პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მედიასთან განაცხადა.
სოფიო ასპანიძის შეფასებით, კლინიკაში შემოყვანისას პატრიარქის მდგომარეობა მწვავე იყო და პროცედურების ჩატარების გადაუდებელი სასიცოცხლო საჭიროება იყო.
„მდგომარეობა ბარირებადია, აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების. მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, სიტუაცია დასტაბილურდა, მოდი, ასე ვთქვათ, მართვადია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
მისი განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და რჩება კრიტიკული პარამეტრები.
„მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კოლეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება კვლავ მედიკამენტების ფონზე. იცით, რომ ჩავატარეთ კონსილიუმი რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ამ პროცესში ჩართულები. პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც საჭიროებს მის მართვას.
დღეს, ასევე, მოგვიანებით, ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და ჩვენს მულტიდისციპლინურ მაღალი პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
კითხვაზე, რა პერიოდი ითვლება კრიტიკულად, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, რომ ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პატრიარქის ორგანიზმზე.
„ეს არის ინდივიდუალური, ეს დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, რის საშუალებას მოგვცემს, სწორედ ამიტომ ხდება ყველა ანალიზის და პარამეტრის კონტროლი ფაქტობრივად საათობრივად, მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, რაც ჰემოდინამიკური პარამეტრები - წნევა, პულსი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად მედიკამენტების გარეშე იქნება დაჭერილი", - აღნიშნა მან.