
ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი, – ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც პაზოტომ აღნიშნა, 31 წელია, რაც ახლოა ურთიერთობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.
„ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე, 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით“, – განაცხადა პაზოტომ.
ამასთან, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კათოლიკე ეკლესიის სახელით, დაესწრო პატრიარქისთვის აღვლენილ ლოცვას, ილოცა მისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.