
„ნებისმიერი კანონი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, იღებს სწორედ იმ რწმენით და განზრახვით, რომ მოემსახუროს ორ მთავარ ამოცანას - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას. თუ რა შედეგები აქვს ამ კანონებს, ეს შეგიძლიათ ნახოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყნდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, სოფიო ხორგუანის იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ კანონმდებლობას შეეხებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა პარლამენტს მისცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად და სრულყოფილად განახორციელოს საკუთარი მანდატი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული გარე გავლენებზე.
მისივე თქმით, სუვერენიტეტისა და გარე გავლენებისგან დაცვის საკითხი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და მსგავს გამოწვევებზე საუბრობენ საერთაშორისო დონეზეც, მათ შორის ევროპაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში უზრუნველყოფილია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც, სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით მაღალი სტანდარტია.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული და თანამედროვე საფუძველი, თავი ევროპული დემოკრატიის ნაწილად განიხილოს.
„მაშინ, როდესაც ჩვენთან თავისუფალი არჩევნები იმართებოდა, მაშინ როცა ქალებს როგორც პასიური, ისე საარჩევნო უფლებები ჰქონდა, დღევანდელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას არათუ ქალთა უფლებები, საერთოდ არჩევნები არ ჰქონდა. დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენ ეს თავდაჯერებულობა უნდა ვაჩვენოთ ყველას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეზე ზემოდან ყურებას, მაგრამ ამავე დროს ნიშნავს, რომ არც არავის გვინდა მივცეთ იმის უფლება, რომ თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებიც გუშინწინ ჩვენთან ერთად იყვნენ საბჭოთა კავშირში, დღეს ჩვენ გვიკითხონ მორალი ღირებულებებთან დაკავშირებით და გვასწავლონ, თუ რა არის სტანდარტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.