
ხელისუფლებამ საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა, - განუცხადა „ქრონიკას" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.
მან ახლახან საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტიც გაიხსენა და მათ მიერ გაკეთებულ დასკვნაზეც ისაუბრა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული და გარკვეული უზუსტობების მიუხედავად, ზუსტად შეაფასეს საქართველოში არსებული ვითარება - საბოტაჟის თემა, რევოლუციების დაუშვებლობის თემა, ძალადობის დაუშვებლობის თემა. თითქოსდა, ამის დასაბალანსებლადაა ჩამოსული ადამიანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მომზადებული აქვს მოხსენება. 45 წუთი მოუსმინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა ხელისუფლებამ - საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა. ზუსტად იმ ამოცანით ჩამოვიდა, რაც ვთქვათ, პოლონეთის ხელისუფლებას ჰქონდა", - განაცხადა ვოლსკიმ.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) , „გრანტების შესახებ" კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.