
ახლო აღმოსავლეთში ირანის დაპირისპირება აშშ-ისრაელთან და უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა ერთმანეთთან გადაიკვეთოს. ირანში მიიჩნევენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ ომში ჩაერთო და შესაბამისად, უკრაინის ტერიტორია ირანის „ლეგიტიმურ სამიზნედ" იქცა. თუმცა, ანალიტიკოსები ასეთ სცენარს ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურად მიიჩნევენ.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამჟამად ირანს არ აქვს იმის რესურსი, რომ ღიად ჩაერთოს უკრაინის ომშ რუსეთის მხარეს და არც უკრაინას შეუძლია საბრძოლო მოქმედებების დაწყება ირანის წინააღმდეგ.
14 მარტს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა რომ უკრაინა ამიერიდან მათთვის „კანონიერ სამიზნედ იქცა".
„დრონების გამოყენებით ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერით, დანგრეული უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მთელი თავისი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია", - აღნიშნავს იბრაჰიმ აზიზი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს განცხადება პირდაპირ მუქარად აღიქმება, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ირანის მმართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც ირანელი ხალხის, ისე სხვა ქვეყნებისა და ერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
- უკრაინა: „ეს იგივეა, რომ სერიული მკვლელი ამართლებდეს თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსზე დაყრდნობით".
„ამ კონტექსტში აბსურდულია, როცა ამ რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ემუქრება უკრაინას და, ამავდროულად, საუბრობს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გაწერილია გაერო-ს ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლში. ეს იგივეა, რომ სერიული მკვლელი ამართლებდეს თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსზე დაყრდნობით", - განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ.
მანამდე უკრაინამ აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა ირანულ დრონებთან ბრძოლაში. ამას მოგვიანებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ზელენსკი ბოლო ადამიანია, ვისგანაც დახმარება ვაშინგტონს სჭირდება".
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირანი უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისთანავე მოსკოვს სამხედრო დახმარებას უწევს.
15 მარტს კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს „შაჰედის" ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.
„ისინი იყენებენ ირანის ლიცენზიებს. თქვენ იცით, რომ მათ დაამზადეს მრავალი დრონი და გადასცეს მათ. მე მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზების და ახლო აღმოსავლეთში მისი მეზობლების წინააღმდეგ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
- ირანი: „დანგრეული უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მთელი თავისი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია".
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კიევის გადაწყვეტილებები აშშ-ს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოულოდნელი არაა.
„მოულოდნელი არაა, თუ კიევმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებებთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტები მიავლინოს, რათა დაეხმარნენ დრონების სინააღმდეგ ბრძოლაში გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. ირანს უკრაინა წლების განმავლობაში სთხოვდა, რომ „შაჰედები" არ მიეწოდებინა მოსკოვისთვის, მაგრამ ამას მაინც აკეთებდა.
„უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყურადღება არ გაიფანტოს, ისედაც საერთაშორისო ფოკუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გადაინაცვლა და ახლა გარკვეული შიშის საფუძველი აქვს, რომ თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დასავლური იარაღის უკრაინისთვის მიწოდების შემცირება. უკრაინისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის კონფლიქტია და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მისთვის შეიძლება ცუდად იმოქმედოს შეიარაღების მიწოდების კუთხით.
„არ მგონია უკრაინა ირანთან წინააღმდეგ ომში ღიად ჩაერთოს ამერიკის მხარეს, ამის რესურსები ახლა მას არ აქვს. ესაა ქვეყანა, რომელიც ამ წამს საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის. არც ირანის მხრიდან მგონია, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ღიად ჩაერთოს. არ მგონია ახლა ირანს ამის თავი ჰქონდეს, რომ რეგიონალური ომი გააჩაღონ. მით უმეტეს, რომ რუსეთმა მას ისეთი დახმარება ვერ აღმოუჩინა, როგორსაც ელოდა. რამდენიმე წლის წინ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, მაგრამ ვერ შესრულდა, რუსეთი უკვე თვითონაა შეზღუდული უკრაინის ომით და აღარ შეუძლია, გარდა ამ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა", - განაცხადა კაკაჩიამ.
კითხვაზე, თუ უკრაინამ და ირანმა ცალკე კონფლიქტი წამოიწყეს, რამდენად შეიძლება ეს გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში, კაკაჩიამ გვითხრა:
„ამ ამბებს ასე დრამატულადაც არ აღვწერდი, თუმცა ეს ომი თუ გაგრძელდა, გარკვეული რისკები არსებობს. განსაკუთრებით თუ ამას სახმელეთო ოპერაციები დაერთო, ამერიკა შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული უფრო დიდ ომში, როგორიც ვიეტნამისა და ერაყის ომები იყო. სცენარები ძალიან ბევრია, უბრალოდ ამ ეტაპზე გაურკვეველია დაიდოს რაღაც კონკრეტული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ გაურკვევლობას თვითონ აშშ-ც უწყობს ხელს, შესაძლოა ეს სპეციალურადაცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მისი მიზნები ცნობილი არაა", - განაცხადა კაკაჩიამ.