
ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობად მისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღიარებას ასახელებს. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებმა პირველ რიგში ხელისუფლება უნდა აღიარონ და „მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი". საპასუხოდ ოპოზიცია ამბობს, რომ არ აპირებს მაგიდასთან დაჯდეს იმისთვის, რომ „ივაჭროს".
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კობახიძის განცხადებებში ხელისუფლების პოზიციის შერბილება ჩანს, მაგალითად იმ ნაწილში, სადაც პრემიერი საპროტესტო აქციებზე ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით დაკავშირებით საუბრობს.
შაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული დასკვნა „სიცრუითაა გაჯერებული", თუმცა გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსაც შეიცავს და ამ საკითხზე ხელისუფლება საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავს.
„ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში.
- ირაკლი კობახიძე: „დასკვნაში არის კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია... ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს".
„ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ გულისხმობს აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებს, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით პრევენციისთვის ზომები უკვე მიიღეს.
„წამება მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც, კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები - ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება.
„შენიშვნა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმულია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც, რა თქმა უნდა, აქტიურ ზომებს მივიღებთ. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტით, მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადაცდომები", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის რეკომენდაციას პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე, კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას - მათ უნდა აღიარონ ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
„ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები , რომ უნდა მოიქცნენ კარგად და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე", - განაცხადა კობახიძემ.
წავა თუ არა „ოცნება" დათმობებზე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძის მთავრობის პირობებში „ოცნების" მხრიდან რაიმეს რეალური დათმობა მოსალოდნელი არაა.
„ახლა ლაპარაკია იმაზე, შევა თუ არა დიალოგში ხელისუფლება ოპოზიციასთან და გაითვალისწინებენ თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც უკვე ოპოზიციის მოთხოვნები არაა, არამედ ეუთო-ს რეზოლუციაა. ოპოზიციის მოთხოვნებს გაითვალიწინებენ თუ არა, მაინცდამაინც საინტერესო არაა, საინტერესოა იმ რეზოლუციას გაითვალისწინებენ თუ არა.
„არ მგონია, რომ გაითვალიწინონ. როცა სახელისუფლო დონეზე ასეთი ნაბიჯი იდგმება, ამას პირველი პირის ცვლილება მოჰყვება ხოლმე. არა ივანიშვილის ცვლილება, არამედ ახალი მთავრობა და მისი მეთაური, რომელიც დიალოგს დაიწყებს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „როცა სახელისუფლო დონეზე ასეთი ნაბიჯი იდგმება, ამას პირველი პირის ცვლილება მოჰყვება ხოლმე. არა ივანიშვილის ცვლილება, არამედ ახალი მთავრობა და მისი მეთაური, რომელიც დიალოგს დაიწყებს."
„როცა ავტორიტარულ ქვეყნებში პოლიტიკა რადიკალურად იცვლება, მთავრობის შეცვლა აუცილებელ პირობასავითაა. პოლიტიკის ცვლილება კი ნიშნავს, რომ მინიმუმ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინება უნდა დასრულდეს და ქვეყანა დასავლურ გზას დაადგეს, ანუ კურსი შეიცვალოს. ასეთი რამ კი ერთსა და იგივე მთავრობის პირობებში არ ხდება.
„უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას და არა კოსმეტიკურს - ამის სიმპტომი ისაა, რომ თუ მთავრობა იცვლება, ესე იგი რაღაცაა მოსალოდნელი. კობახიძის პოლიტიკა შესაძლოა მისი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ გაცილებით რადიკალურია, ვიდრე ღარიბაშვილის", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებამ" შეიძლება დათმოს ახალი არჩევნების ნაწილში, პოლიტპატიმრების - არა.
„კობახიძემ თქვა, რომ რუსეთი საქართველოს 20%-ს არ აღიარებს და მასთან დიალოგში არ შევდივართო და ვინც ხელისუფლების იურისდიქციას 100%-ს არ აღიარებს, მათთან დიალოგში რა ლოგიკუთ უნდა შეხვიდე?
„დავუშვათ ოპოზიციამ აღიარა ხელისუფლება - არ ვიცი ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. არადა ეს სასამართლოს საქმეა, თუკი ე,წ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დათანხმდება, მერე ყაყანი ატყდება...
„აი, არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება შეიძლება დათმობაზე წავიდეს, რადგან თუ ჩაატარებს, მოიგებს.
„შეიძლება ცესკო და საარჩევნო კოდექსი შეიცვალოს, მაგრამ სისტემა ხომ უნდა დარჩეს? ობიექტურ არჩევნებზეა ლაპარაკი და კი, ბატონო, ობიექტიურ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს? ვერ მოგებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეარბილა თუ არა პოზიცია ხელისუფლებამ
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ეს შერბილება კი არა „პოლიტიკური ვირეშმაკობაა".
„თუ ოპოზიციას ხელისუფლების ლეგიტიმაციას აღიარებს, ასეთ ცვლილებებს გვპირდებიან და არა რეალურ და კარდინალურს - 3-4 შემთხვევაზე იტყვიან, უცებ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ვიღაცის იდენტიფიცირება მოხდა. წაქცეულ ადამიანს სპეცრაზმელი კიდევ ფეხს რომ ურტყამს, ეს კადრი იმდენად გამაოგნებელია, რომ მისთვის გვერდის ავლა ძალიან ძნელია. შეიძლება დაადგინონ კიდეც ეს სპეცრაზმელი ვინ იყო.
„ასეთი ცვლილებები არაფრის მომტანია, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ასეთ რამეს შერბილებას არ ვეძახი, უფრო პოლიტიკური ვირეშმაკობა ჰქვია და მეტი არაფერი. ჩემთვის ასეა და შესაძლოა ვიღაც ფიქრობს, რომ შეარბილეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი გვეუბნება, რომ ხელისუფლების მხრიდან პოზიციის შერბილება პერიოდულად ხდება და ამაში უჩვეულო არაფერია.
- რამაზ საყვარელიძე: „ის, რომ - არიქა, „ოცნება" რასაც იტყვის, იმას არ გადავა - ეს მემგონი უფრო „ნაცმოძრაობის" შთაბეჭდილებით შექმნილი სურათია. რაც მახსოვს, „ოცნება" დათმობაზე ყოველთვის მიდის."
„სად არ შეარბილა პოზიცია? უნივერსიტეტების შეერთებაო - ატყდა კივილი და მეორე დღესვე დათანხმდა ცალკ-ცალკე ყოფნაზე. „ქართული ოცნება" თავს არ იტკიებს. ის, რომ -არიქა, „ოცნება" რასაც იტყვის, იმას არ გადავა - ეს მემგონი უფრო „ნაცმოძრაობის" შთაბეჭდილებით შექმნილი სურათია. რაც მახსოვს, „ოცნება" დათმობაზე ყოველთვის მიდის. ახლაც კი, ბატონო, შეარბილებს, მაგრამ რა შესარბილებელი ეგაა.
„ქართული ოცნების" ნებისმიერი უკან დახევა, ოპოზიციას ძალიან უხარია, მიიჩნევს, რომ უკან მან დაახევინა. არაა მიწოლა საჭირო იმისთვის, რომ უკან დაახევინო, ლოგიკა დაანახე და დაიხევს", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, ახლაც „მოსკოვის მექანიზმმა" დაანახა თუ არა ლოგიკა „ოცნებას", გვიპასუხა, რომ „მოსკოვის მექანიზმი" „ბლეფია". დამატებით კითხვაზე, მაშინ რითი აიხსნება პოზიციის შერბილება, საყვარელიძემ გვითხრა:
„შეარბილა იმიტომ, რომ იმისი ბლეფია, ძალა იმის ხელშია და არ უნდა ეს ბოლომდე ჭიდაობა. უნდა საქართველოს ევროპის უდიდეს ქვეყნებთან ბოლომდე ჭიდაობა? იმას სჭირდება შენთან ჭიდაობა, რომ აქ მიშა მოიყვანოს".