რეზონანსი
14.03.2026

დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებმაც ქვეყანაში ავტომობილის საწვავის დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები ჩუმად შემოიტანეს. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილებმა „ოქტან +“  სატვირთო ავტომობილებში ჩამალეს და ყაზბეგის გამშვები პუნქტზე მალულად გადმოიტანეს. ჯამში ამოღებულია 18 ათასი  კილოგრამი უნივერსალური დანამატი, გამოძიება ამბობს რომ აღნიშნული დანამატებით, დაკავებულები  კუსტარულად ამზადებდნენ საწვავს და შემდეგ მის რეალიზაციას, თბილისში, მათ საკუთრებაში არსებულ ბენზინ-გასამართ სადგურებზე ახდენდნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“.

ბრალდებულები, საბაჟო წესების დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება „ოქტან+“-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×