რეზონანსი
13.03.2026

სოფელ ქვათუბანში თვითმკვლელობის შესახებ ამბავი საღამოს გავრცელდა. 32 წლის მამაკაცის ცხედარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა იპოვეს.

რატომ მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება? ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უკვე გასცა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, თვითმკვლელობის მიზეზიც გაირკვა.

32 წლის მამაკაცი შანტაჟის და მუქარის მსხვერპლი იყო. თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, კახეთის პოლიციამ 2 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ყალბი "ფეისბუქ" გვერდი შექმნეს, მოიპოვეს 32 წლის მამაკაცის ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო, დაემუქრნენ, რომ თუ 1 000 ლარს არ გადაიხდიდა, კადრებს გაუვრცელებდნენ. მუქარა სისრულეში მაშინ მოიყვანეს, როდესაც დაზარალებულმა ფულის ჩარიცხვაზე უარი თქვა. რამდენიმე საათში კი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა "მესენჯერით", მსხვერპლის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს.

გამოძიების ვერსია დღეს "კურიერთან" ადგილობრივებმაც დაადასტურეს.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულები 19 და 20 წლის მამაკაცები არიან. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

გენერალურმა პროკურატურამ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლომ 19 და 20 წლის მამაკაცების მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტილება გამოიტანა და ორივე პატიმრობაში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×