რეზონანსი
13.03.2026

ევროკომისარი მარტა კოსი იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან კავშირში კიდევ ერთხელ ამხილეს. როგორც გამოცემა "პოლიტიკო" წერს, კოსი ბრალდებების უარყოფას ჯერ კიდევ 2024 წელს, თანამდებობაზე დანიშვნის დროს ცდილობდა, თუმცა ევროპის უდიდესმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, "ევროპის სახალხო პარტიამ" საკითხი დღის წესრიგში ისევ დააყენა.

სტატიის ავტორი "ევროპის სახალხო პარტიის" იმ დეპუტატსაც ესაუბრა, რომელიც ევროკომისრის წარსული საიდუმლო საქმიანობის შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მიუთითებს. რომანა ტომცი ეყრდნობა მკვლევარ იგორ ომერზას ახალ წიგნში გამოქვეყნებულ საარქივო მასალებს, რაც, მისი მტკიცებით, იუგოსლავიის სახელმწიფო უშიშროებასთან კოსის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.

დეპუტატი ახლა ევროკომისიას წერილობითი კითხვით მიმართავს და ევროკომისრის წარსულთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს. ცნობილია ისიც, რომ მხილების შემდეგ მარტა კოსი ორშაბათს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტშია დაბარებული, თუმცა აღნიშნულ შეხვედრას არ დაესწრება.

ევროპარლამენტში შედგა ახალი წიგნის პრეზენტაციაც, სადაც ავტორმა იგორ ომერზამ ღიად განაცხადა, რომ  მარტა კოსის "უდბასთან" თანამშრომლობის დამადასტურებელი ათი დოკუმენტი მოიპოვა. მისი თქმით, მასალებში კომისარი მოხსენიებულია საიდუმლო სახელებით - როგორც ინფორმატორი "ტარა" და თანამშრომელი "ბლანკა."

მედიაში არაერთი პუბლიკაცია გამოჩნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ევროკომისარმა საპრეზიდენტო კანდიდატურა პარტია "თავისუფლების მოძრაობის" დამფუძნებლის, რობერტ გოლობის ულტიმატუმის საფუძველზე მოხსნა. არსებული ინფორმაციით, გოლობმა კოსს მოსთხოვა ან თავად გადამდგარიყო და ოფიციალურად ეთქვა, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით მიიღო, ან პარტიის ხელმძღვანელობას მიაწოდებდა მის შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციას, რის გამოც დაკარგავდა მხარდაჭერას. იმავე ღამეს, კოსმა მართლაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ "პირადი მიზეზების და შეცვლილი გარემოებების გამო" ტოვებდა საპრეზიდენტო რბოლას.

კითხვებს აჩენს 2017-20 წლებში შვეიცარიაში კოსის დიპლომატიური მოღვაწეობაც, რაც საგარეო უწყების სპეციალური შემოწმებითა და მისი ვადაზე ადრე გადადგომით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×