
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოამზადა, რომელიც 2022-2023 წლების პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში საუბარია რიგ დარღვევებზე, რომლებიც გამოვლინდა როგორც საქართველოს მასშტაბით მივლინებების, ისე საზღვარგარეთ მივლინებების შემთხვევაში.
აუდიტის თანახმად, 2022 წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ საჯარო მოხელეების მივლინებებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 64.9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ხარჯები 2023 წელს 94.4 მლნ ლარს აღწევდა.
რაც შეეხება დარღვევებს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში არაგონივრულად დიდი რაოდენობის მივლინებების ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საჯარო მოხელეებმა წლის განმავლობაში მივლინებაში იმაზე მეტი დღე გაატარეს, ვიდრე სამუშაო დღეების რაოდენობაა.
„გამოვლინდა შემთხვევები მივლინებაში არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნის, ასევე შემთხვევები, როდესაც მივლინებაში გატარებული დღეების ჯამური რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა წლის განმავლობაში არსებული სამუშაო დღეების რაოდენობასაც კი.
მაგალითად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რამდენიმე თანამშრომელმა 2023 წელს მივლინებაში გაატარა, შესაბამისად, 310 და 323 დღე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამუშაო დღეების საერთო რაოდენობას (248 დღე). აღნიშნული მაღალი ინტენსივობის მივლინებები აჩენს კითხვებს მივლინებების საჭიროების დასაბუთებასა და ამ პირების ძირითადი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთანავე, დარღვევები გამოვლინდა ქვეყნის შიდა მივლინებების დროსაც. აუდიტის დასკვნით, ამ ტიპის მივლინებების სრული ხარჯის აღრიცხვა შეუძლებელია.
„მივლინების საჭიროების განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს მისი ხარჯთეფექტურობა წარმოადგენს. ქვეყნის ფარგლებს შიგნით შესწავლილი 22 928 ერთეული მივლინებიდან, 18 158 (81%) შემთხვევაში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მათზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ 435 (2%) შემთხვევაში.
საჯარო უწყებების უმრავლესობა ტრანსპორტირების ხარჯების აღრიცხავს ახორციელებენ საბიუჯეტო მუხლებში: „ტრანსპორტის მომსახურება“ და „საწვავი და საპოხი მასალები“. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით გაწეული სამივლინებო ხარჯის შესახებ ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში არ ასახავს მის რეალურ ღირებულებას, რაც მივლინების საჭიროების განსაზღვრის ეტაპზე, ართულებს ინფორმირებული და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ მოხელის მივლინებით გაგზავნის პროცესი საჯარო უწყებებში ფორმალურად გამართულია და დოკუმენტაციის წარმოებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს, თუმცა გამოიკვეთა ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მივლინებების რეალური საჭიროების და ხარჯთეფექტურობის სრულფასოვან შეფასებას.
„კერძოდ, ეს სირთულეები მოიცავს ქვეყნის შიგნით მივლინებებისას სატრანსპორტო ხარჯების არასრულყოფილ აღრიცხვას და მივლინებების მაღალ ინტენსივობას”, - ნათქვამია დოკუმენტში.