
გიორგი მიქაძის საქმე სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიკითხა ბრალდების ერთ-ერთი მოწმე, მიხეილ ბერძენიშვილი, რომლის ჩვენებებშიც დაცვის მხარის თქმით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები გამოიკვეთა.
საქმის განხილვამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო მხოლოდ მოწმეების შეფასებებსა და მოსაზრებებს მაშინ, როცა სასამართლოში ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი?
რატომ შეიცვალა მოწმის ჩვენება რამდენიმე თვეში?
2 დღის წინ სასამართლომ საქმეზე მიხეილ ბერძენიშვილი დაკითხა, რომელმაც პირველი ჩვენება გამოძიებას ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 15 აპრილს მისცა, მეორე ჩვენება კი, 2025 წლის 8 აგვისტოს.
8 აგვისტოს ჩვენებაში ბერძენიშვილი საუბრობს ლევან ჯანგველაძესა და მიქაძეებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამ ვერსიას არცერთი სხვა მოწმე არ ადასტურებს.
განსხვავებული სურათი ჩანს აპრილის ჩვენებაში. მაშინ ბერძენიშვილმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ არ იცოდა ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა დაპირისპირება ლევან ჯანგველაძეს. ასევე თქვა, რომ გარდაცვლილს საფრთხის განცდა არ ჰქონია და ხშირად ჩამოდიოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა თბილისში. მისი გადაადგილების მარშრუტიც ბევრისთვის იყო ცნობილი.
დაცვის მხარის შეფასებით, მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ბერძენიშვილი ხელახლა დაიბარეს გამოძიებაში მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს პატაკით დღის წესრიგში დადგა მიქაძეებისთვის ბრალის წარდგენის საკითხი. სწორედ ამის შემდეგ, 8 აგვისტოს ჩვენებაში, მოწმე უკვე დეტალურად საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებზეც აპრილში ამბობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა.
რატომ არის უსოიანების ვერსია მხოლოდ ჰიპოთეზა
მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენებაში უსოიანებთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული ვერსია ფიქსირდება.
ადვოკატები ამბობენ, რომ თავად მოწმის პოზიციაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და რაც მთავარია, უსოიანებსა და მიქაძეებს შორის შესაძლო კავშირსა და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მოტივს სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს.
ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოში ხშირად ისმის სხვადასხვა ვერსია, თუმცა ვერსია მტკიცებულებად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც მას ფაქტები ამყარებს, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.
„სასამართლოში მოსული ხალხი უსოიანის ვერსიაზე საუბრობს. იმისათვის რომ ეს ვერსია მტკიცებულებად იქცეს, ერთმა ადამიანმა მაინც რაიმე მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს. ვერსია ძალიან ბევრია. ჩვენ, იურისტებს, იმისთვის რომ ვერსიები მტკიცებულებებად გადავაქციოთ, ფაქტები გვჭირდება“, - განაცხადა კორძაძემ.
დაცვის მხარის თქმით, სასამართლოში დაკითხვისას თავად მიხეილ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მისი განცხადებები მკვლელობის შესაძლო ორგანიზებაზე ფაქტებს არ ეფუძნება. ზვიად კორძაძის განცხადებით, მოწმის პასუხები ამ ნაწილში საკმაოდ პირდაპირი იყო.
,,მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოწმემ გასცა ძალიან კონკრეტული პასუხი: „ყველაფერი, რაც მე ვილაპარაკე, ეს არის მხოლოდ დასკვნები და არავითარი მტკიცებულება მკვლელობის ორგანიზების შესახებ მე არ გამაჩნია“. მეორე პასუხი: მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩემს ვერსიებზე მეორე ადამიანი არ არის, რომელიც დამიდასტურებსო. ასე რომ, დარჩეს მის დასკვნებად და მის ვერსიებად”, - ამბობს კორძაძე.
ადვოკატის თქმით, მოწმის პოზიცია შესაძლოა პირად ემოციურ დამოკიდებულებასაც ეფუძნებოდეს. „მოწმეს აქვს თავისი პირადი პოზიცია, პირადი დასკვნა. არის გულშემატკივარი, არის ოჯახის წევრი, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებებს. მე პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მტკიცებულებად გამოყენებული“, - განაცხადა კორძაძემ.
სისხლის სამართლის პროცესში სწორედ იმისათვის არსებობს ობიექტური მოწმის, სუბიექტური მოწმის და დაკავშირებული პირის ცნებები, სასამართლომ შეაფასოს, რამდენად შეიძლება განაჩენი ობიექტურად დაეყრდნოს ასეთ მოწმეს.
კიდევ ერთი წინააღმდეგობა კიდევ ერთი მოწმის, კოკა მორგოშიას ჩვენებაში
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე კოკა მორგოშიას ჩვენებაზე, რომელიც სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დაიკითხა. სასამართლოში განსხვავებული ჩვენება დაფიქსირდა კიდევ ერთ ეპიზოდში.
ზვიად კორძაძის განცხადებით, მორგოშიამ სასამართლოში თქვა, რომ დაცვის ორგანიზებას უზრუნველყოფდა და ამ საკითხზე დაახლოებით, 10 ადამიანს ესაუბრა.
თუმცა მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას კოკა მორგოშიასთან ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ჰქონია და დაცვის ორგანიზებაში მორგოშიას მონაწილეობა არ მიუღია.
ადვოკატების თქმით, მორგოშიამ ვერც წინა ჩვენებებში და ვერც სასამართლოში ვერ წარმოადგინა ფაქტები, რომლებიც მიქაძეებს მკვლელობის ორგანიზებასთან დააკავშირებდა.
როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს: „კოკა მორგოშიამ თქვა, რომ მის მიერ მიქაძეების ხსენება ეს არის მისი მოსაზრება და არავითარი ინფორმაცია და ფაქტი მას არ გააჩნია, რომ კონკრეტულად ისინი მონაწილეობდნენ აღნიშნულის ორგანიზებაში“.
ვინ დგას ანონიმური იუზერის „Jonathan Jon“-ის უკან?
საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ანონიმურ ფეისბუქ-იუზერს „Jonathan Jon“ უკავშირდება.
დაცვის მხარის ინფორმაციით, გამოძიებამ კომპანია „მეტადან“ - Facebook-იდან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ანგარიში. თუმცა ეს მასალები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
„ძალიან გვიკვირს, თუ დაცვის მხარის ვერსია, რომ ამ იუზერის უკან საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე კონსტანტინე მორგოშია იდგა, არასწორია, მაშინ რატომ არ ან ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ ,,მეტადან” მიღებული ინფორმაცია საქმეში?“ - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.
ძველი მოწმის უთქმელი ეჭვები ჩადუნელის მიმართ
საქმის სასამართლო განხილვისას კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა, რომელის პასუხის სანდოობასც სასამართლო დაადგენს.
ზვიად კორძაძის თქმით, ბერძენიშვილი ერთ-ერთ ეპიზოდში ეჭვს გამოთქვამდა გია ჩადუნელის მიმართ, თუმცა ადვოკატის თქმით, უცნობია რატომ არ გააფრთხილა მან თავად ლევან ჯანგველაძე ჩადუნელის მიმართ კითხვებისა და ეჭვის გაჩენისთანავე.
ადვოკატის განმარტებით, ბერძენიშვილმა სასამართლოში აღწერა ერთ-ერთი შეხვედრისას როგორ მიმართა ფარცხალაძემ ჩადუნელს სიტყვებით „ჩემი გიაო“.
კორძაძის თქმით, სწორედ ამ ფონზე დაუსვა მოწმეს შეკითხვა: - თუ მას ეჭვი ჰქონდა ჩადუნელის მიმართ და დაინახა, რომ ის ახლოს იცნობდა ფარცხალაძეს, რატომ არ უთხრა ამის შესახებ გარდაცვლილს? „ვკითხე: რატომ გააკეთე ეს? პასუხი იყო - არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღებაო. დასკვნები თქვენც გამოიტანეთ რამდენად სანდოა ასეთი მოწმის ჩვენება“, - განაცხადა კორძაძემ.
რატომ არ შემოწმდა ფარული ჩანაწერები ექსპერტების მიერ?
გუშინ გიორგი მიქაძის საქმის დახურულ სხდომაზე გამომძიებელი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებით დაიკითხა.
ადვოკატ შორენა ნიქაბაძის განცხადებით, ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ჩანაწერებში მიქაძეების მიმართ ისეთი მტკიცებულება არ აღმოჩნდა, რომელიც მათ მკვლელობის ორგანიზებასთან დააკავშირებდა. სასამართლოზე წარმოდგენილი ყველა ჩანაწერი პოლიციელებმა დაათვალიერეს და არცერთი მათგანი ექსპერტს არ შეუმოწმებია. „დღეს პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე - რატომ არ დაინიშნა ჩანაწერების ექსპერტიზა, რადგან ამ ჩანაწერიდან გარკვეული საუბრები კარგად არ ისმოდა“, - განაცხადა ნიქაბაძემ.
ამჟამად, გიორგი მიქაძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვასაც. საბოლოოდ კი, სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა ყველაზე მთავარ კითხვაზე: რამდენად საკმარისია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსული ჩვენებები და პირადი მოსაზრებები ბრალის დასამტკიცებლად.