
წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯერჯერობით ახლობლები ვერ ამბობენ, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი და მომხდარით შეძრულები არიან.
"ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა.
არაფერი ვიცით ჯერ, რატომ ვერ გადაარჩინეს. რომ შეიყვანეს კლინიკაში ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო. სხვა ჯერ არაფერი ვიცით. გაგვანადგურა ამ ამბავმა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო ჩვენი ლიკუნა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე. საოცარი გოგონა, უკეთილესი. სულ იღიმოდა, სულ ბედნიერებას ასხივებდა, დედამიწაზე არ მეგულება ლიკუნასნაირი გოგო. მართლა გამორჩეული იყო. მშობლები არ ვიცი თუ გადაიტანენ ამ ყველაფერს" - "განუცხადა" ambebi.ge-ს გოგონას ნათესავმა.
კლინიკა "ბომონდმა“ კი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა "ბომონდში", როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.