
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს და არ მოსწონს ევროკავშირი.
კალასის თქმით, აშშ-ის მიდგომა ევროკავშირის მიმართ ჰგავს იმ ტაქტიკას, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, რომ გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, - თქვა კალასმა.
მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა ეცადონ ტრამპთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას. ამის ნაცვლად, მათ ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან მისივე თქმით, „ერთად ყოფნის შემთხვევაში ჩვენ თანაბარი ძალები ვართ“, წერს Financial Times.
აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები მან აღწერა, როგორც „ძალიან რთული“.
„თუ თქვენ გაეცნობით [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, ვფიქრობ, არავითარი ილუზიის შექმნა არ დაგჭირდებათ“, - თქვა კალასმა.
თავდაცვის საკითხზე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ამერიკისგან სამხედრო ტექნიკის შეძენა კვლავ სჭირდება, რადგან ევროპას ჯერ არ აქვს საჭირო რესურსები და შესაძლებლობები. მანვე დაამატა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიაშიც მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს.