რეზონანსი
12.03.2026

 აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, - ამის შესახებ „ბიბისი" წერს.

წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის - ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.

წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია" უწოდა.

„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას", - განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან" საუბრისას.

როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.

ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.

პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×