რეზონანსი
12.03.2026

 "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ვერ გადააყენეს" - ასე პასუხობს თინა ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების შესახებ დასმულ კითხვას. კითხვა კი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბოკუჩავას ხელმძღვანელობით მოქმედმა პარტიამ ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის კონფლიქტში ჩერგოლეიშვილი დაიცვა და არა საკუთარი გენერალური მდივანი. არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში დადგა თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარის მოხსნა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ განცხადებით დაგმო პარტნიორზე თავდასხმა და დაიცვა ოპოზიციური შეთანხმება. ანალოგიურისკენ მოუწოდა და გაემიჯნა ცისკარიშვილს, რომელიც ორი დღის შემდეგ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა დაიცვა. მან "ნაცმოძრაობის" გენმდივანს ციხიდან საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა. თავად ცისკარიშვილი კი არ ჩანს.

ოპოზიციურმა ალიანსმა საჯარო სივრცეში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ დღეს პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც ცისკარიშვილი არა, თუმცა ჩერგოლეიშვილი ესწრებოდა.

ფედერალისტების ლიდერმა ცისკარიშვილთან მისი დაპირისპირების გამო, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა ორი დღის წინ პარტიის სახელით გაკეთებული განცხადებისთვის ის პირადად უხდიდა მადლობას თინა ბოკუჩავას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს უკვე ამტკიცებდნენ, თითქოს პარტიის განცხადება არა კონკრეტულ შემთხვევას, არამედ ოპოზიციური გაერთიანების ურთიერთობის ზოგად წესებს ეხებოდა. სააკაშვილის გუნდში არგუმენტად ისევ სააკაშვილის ახალი ფეისბუქ-პოსტი მოიყვანეს, რომელშიც ის საკუთარი პარტიისგან განსხვავებით მკაფიოდ ახსენებს ცისკარიშვილს და ყველას თავშეკავებისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მმართველი პარტია გარედან აკვირდება ოპოზიციური ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესებს და დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა შიდაპარტიულ რყევებსაც დაუკავშირდეს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების ერთობა პერსპექტივაშიც არ არსებობს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" იდეოლოგიურად არც არასდროს დაშლილა.

თინა ბოკუჩავა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლა, მისი გადაყენების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დაწერა, რომ რჩება პოსტზე, რომელზეც "ნაცმოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით და დემოკრატიული მანდატით აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×