ნატალია ჯვარიძე
12.03.2026

ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთული ვითარებაა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომი პრაქტიკულად მოგებულად გამოაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანი „თითქმის დასრულების პირასაა" და ამის მიუხედავად აანონსებს, რომ ოპერაცია სწრაფად ვერ დასრულდება. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ომის დასრულების ვადებსა და შედეგებზე კი ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია.

რაც შეეხება ბოლო ცნობებს, 12 მარტს ისრაელმა დარტყმა განახორციელა ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც, მათი ინფორმაციით, რაკეტების წარმოება ხდებოდა.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საავიაციო დარტყმები განხორციელდა დაზვერვის ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, „ტალეგანის" კომპლექსი გამოიყენებოდა მოწინავე ასაფეთქებელი მოწყობილობების განვითარებისთვის და „ამადის" პროექტის ფარგლებში საიდუმლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

  • ისრაელ კაცი: „თუ ლიბანის მთავრობამ არ იცის როგორ გააკონტროლოს ტერიტორია და შეაჩეროს ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას" დარტყმები, მაშინ ამას თავად გავაკეთებთ და ტერიტორიას ჩვენ დავიკავებთ".

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ.

„გუშინ „ჰეზბოლამ" ისრაელის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამას ლიბანში „ჰეზბოლას" სამიზნეებზე დარტყმებით უპასუხა. თუ ლიბანის მთავრობამ არ იცის როგორ გააკონტროლოს ტერიტორია და შეაჩეროს ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას" დარტყმები, მაშინ ამას თავად გავაკეთებთ და ტერიტორიას ჩვენ დავიკავებთ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია".

  • დონალდ ტრამპი: „მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ".

„მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია".

„თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის. მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამის პარალელურად „როიტერი" სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის მთავრობას ჩამოშლა არ ემუქრება.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის მრავალი ანგარიში და თანმიმდევრულ ანალიზი იძლევა დასკვნის საშალებას, რომ რეჟიმს „კოლაფსი არ ემუქრება" და ის „ინარჩუნებს კონტროლს ირანის საზოგადოებაზე".

დაზვერვის ანგარიშები ხაზს უსვამს ირანის სასულიერო ლიდერების ერთიანობას, მიუხედავად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვისა.

  • მოჯთაბა ხამენეი: „ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი".

ამასთან, გამოცემას ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დახურულ დისკუსიებში ასევე აღიარეს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი რელიგიური ხელისუფლების ჩამოშლას გამოიწვევს. თუმცა, წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ადგილზე ვითარება ცვალებადია და ირანში დინამიკა, შეიძლება, შეიცვალოს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი 12 მარტს ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის პირველი ოფიციალური მიმართვა გაავრცელა. იგი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი".

გარდა ამისა, ხამენეი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა დაიხუროს.

„ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გარშემო არსებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება. ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ჩვენი სამიზნე მხოლოდ ამერიკული ბაზებია", - ნათქვამია მოჯთაბა ხამენეის წერილობით განცხადებაში.

დანაკარგები

მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი დანაკარგები ირანს აქვს, თუმცა ზუსტი ციფრის თქმა ძნელია.

საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის" ცნობით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 200-ზე მეტია. გარდა ამისა, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალი ჯაფარიანმა „ალ ჯაზირას" განუცხადა, რომ დაშავდა 12 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ამირ საიდ ირავანიმ კი 7 მარტს 1 300 დაღუპულის შესახებ განაცხადა.

ისრაელი დანაკარგებს ორ ფრონტზე განიცდის: ირანის საპასუხო დარტყმებისა და „ჰეზბოლას" ქმედებების შედეგად. საჰაერო დარტყმების შედეგად ისრაელში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. 11 მარტის დილის მონაცემებით, 2 500 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთაგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

8 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ორი ჯარისკაცის დაღუპვა სამხრეთ ლიბანში. ეს არის ისრაელის პირველი სამხედრო დანაკარგები ლიბანში „ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის განახლების შემდეგ.

აშშ-მა ოფიციალურად დაადასტურა რეგიონში მისი რვა სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. კიდევ 140-მდე ჯარისკაცი დაიჭრა. პენტაგონის წარმომადგენლის, შონ პარნელის თქმით, მათი უმეტესობა მსუბუქად იყო დაჭრილი და 108 ჯარისკაცი უკვე დაუბრუნდა სამსახურს.

თუმცა, ირანული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელთა დანაკარგები გაცილებით მეტია და დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე აღწევს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში 570 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 86 ბავშვი.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაშავდა 122 ადამიანი.

საუდის არაბეთში დაიღუპა მხოლოდ ორი ადამიანი - ინდოეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. 12 ადამიანი კი დაიჭრა.

ქუვეითში დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 4 სამხედრო. დაჭრილთა რაოდენობა კი რამდენიმე ათეულია.

ერაყში დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი.

ბახრეინში დაიღუპა 2 ადამიანი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×