
კითხვები იყო, ძირითადად, ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, შევეცადე, ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, მისი „განცხადება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტად იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმის, რაც ვნებს ქვეყანას“.
„ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან და შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებზე იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ამ დაკითხვების პარალელურად ეს პროცესი ვითარდება და ვითარდება ძალიან საჯაროდ, ძალიან თავხედურად და ძალიან მიზანმიმართულად, შეუჩერებლად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დაძაბავენ თავის ძალისხმევას, მიმართავენ იქით, საითაც უნდა მიმართონ. არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს. საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება, სამწუხაროდ და რომლის პრევენციაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. ეს უნივერსიტეტი არის ამის გამო დასანქცირებული. ეს არის ფაქტები, დასანქცირების ფურცელი არის ფაქტი. გამოძიება იმ ოთხ შემთხვევაზე არის ფაქტი. ოთხი ფაქტია მიჯრით მომხდარი ერთი წლის განმავლობაში – ორი მკვლელობის მცდელობა, ერთი ჟურნალისტის ამერიკაში, ერთი მთავარი რაბინის, აზერბაიჯანში და ორი ჯაშუშობა ირანის სასარგებლოდ, ნატოს ერთსა და იმავე ბაზაზე საბერძნეთში. ეს ზედიზედ ოთხი ფაქტი არ არის ფაქტი? საქართველოს მოქალაქეა ყველა – ქვემო ქართლიდან, აზერბაიჯანული წარმოშობით, რომელიც უკავშირდება ამ უნივერსიტეტს. მეტი რა ფაქტი უნდათ. როდესაც არის ასეთი მძიმე ვითარება, მაშინ უნდა მივუთითოთ. ეს ემსახურებოდა საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებას, იმიტომ რომ ვერ მუშაობს სათანადოდ ეს სისტემა. ფაქტია, პრევენციას ვერ ახდენს. მე მინდა, რომ მოახდინოს. ეს იყო ჩემი მიზანი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.