რეზონანსი
12.03.2026

„ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შეიძლება იყოს სალაპარაკო, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებით.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ დასხდებიან, როცა კრიზისის გადაჭრისთვის საჭირო პირველი ორი ნაბიჯის გადადგმის მზაობა იქნება.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან წამოსული ეს განცხადება, არსებითად არის თანხვედრაში, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოზიციასთან, რომელიც არ შეცვლილა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ქვეყანაში რომ პოლიტიკური კრიზია, ამას „ქართული ოცნებაც“ აღიარებს. ხანდახან დეკლარირებულად, საჯაროდაც ამბობენ ამას, ხანდახან ცდილობენ, რომ თავი მოიკატუნონ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ საკუთარ თავსვე თავისივე განცხადებებით ეწინააღმდეგებიან და ამ პოპულისტურ საკენკს, თავის ყველაზე მეტად გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველსაც ვეღარ ასაღებენ. ქვეყანაში არის კრიზისი და ამ კრიზისს აქვს ბევრი წახნაგი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი. პირველ რიგში, პოლიტიკური პატიმრების არსებობა და საპარლამენტო არჩევნები, როგორც პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა, რა თქმა უნდა, წყვილში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან. იმ უმძიმეს ვითარებაში, განსაკუთრებით, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს რეგიონში, პრაქტიკულად ცხელ წერტილში ვართ. ჩვენი მოძმე უკრაინა ომშია უკვე მეხუთე წელია და ცხელი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის საზღვრიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში. ძალიან დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს სტაბილურობა, რომელიც სურს ჩვენს ხალხს და სტაბილურობა ვერ მიიღწევა ვერცერთ შემთხვევაში, სანამ არსებობს ეს პოლიტიკური კრიზისი.

გარდა ამისა, მან ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი ფაქტია, ევროპარლამენტის დღის წესრიგშიც რომ არის პოლიტპატიმრების საკითხი“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებაა. სიორიძის შეფასებით, „ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაავიწყა, რეალურად რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს სუს-ს“.

„საზოგადოებას თითქოს უკვე დაავიწყეს, რეალურად რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს ამ ქვეყანაში, რომ ის არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, საფრთხეების პრევენციაზე და სწრაფ რეაგირებაზე. იმიტომ, რომ ვხედავთ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში როგორ იქცა სუს-ი ისეთი ტიპის უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“, როგორიც არიან ავტორიტარულ სახელმწიფოებში უსაფრთხოების სამსახურები. ის სამსახურები, რომლებიც უპირატესად ზრუნავენ არა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის უსაფრთხოებაზე და მმართველი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გამოიხატება ისეთ საკითხებში, როგორიც არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, უკანონო თვალთვალი, ტოტალური არაკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო კონტროლი, ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვა.

რეალურად სულ სხვა ფუნქციები აქვს ამ უწყებას, რომელიც საკანონმდებლო დონეზეც მონსტრი და მონოლითია შექმნილი. ბუნებრივია, მან უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთ საკითხებზე, ოღონდ როცა ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომი განცხადებების ციტირებისა თუ ტირაჟირების გამო, იბარებენ პოლიტიკოსებსაც საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, აქ ბუნებრივია, ჩნდება ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები“, - განაცხადა სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×