რეზონანსი
11.03.2026

იცით, ჩვენ, როგორ გვიყურებენ? - როგორც ბურჟუაზიას. ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი , - ამის შესახებ „ევროპროდუქტის“ დირექტორმა, გიორგი თავდიშვილმა პარლამენტის კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

თავდიშვილის განმარტებით, კომპანიას ხშირად აკრიტიკებენ მაღალი ფასების გამო, თუმცა მისი თქმით, რეალურად ქსელის ხარჯების სტრუქტურა განსხვავებულია.

როგორც ის აღნიშნავს, „ევროპროდუქტის“ მაღაზიების ნახევარზე მეტი თავად კომპანიას ეკუთვნის, რის გამოც ხარჯებში არ შედის ქირა, რაც სხვა ქსელების შემთხვევაში მოგებას ამცირებს.

მისი თქმით, სწორედ ეს ქმნის ილუზიას, თითქოს კომპანია განსაკუთრებით მაღალი მოგებით მუშაობს.

დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული პირველადი მოხმარების იაფ პროდუქტებზე, მისი თქმით, ეს პროდუქტები მათთვის ფასის ფორმირებაში გადამწყვეტი არ არის.

„ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის იმპორტს. როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ევროპაში 1 კგ კარაქი, დაახლოებით 1.60 ევრო ღირდა, დღეს კარაქი ოფიციალური მწარმოებლისგან 9 ევრო ღირს. არც კი განიხილავენ ნებისმიერ საუბარს ფასდაკლებაზე და პრივილეგიებზე, რადგან სურსათის დეფიციტია და სერიოზულ ბრენდებს საოცარი რეალიზაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, პირიქით გვჭირდება კვოტები იმისთვის, რომ პროდუქცია მიიღო და გქონდეს დახლზე.

ჩვენს მოგებას რაც შეეხება, სხვა ქსელებისგან განსხვავებით, ჩვენი მაღაზიების 50%-ზე მეტი გვეკუთვნის ჩვენ თვითონ. ხარჯებში არ არის ნაჩვენები ქირა, რაც სხვა ქსელების შემთხვევაში ამცირებს მოგებებს. ეს სხვებს უქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ძალიან მაღალი მოგებით ვმუშაობთ.

ჩვენ არ ვყიდით პირველადი მოხმარების იმ პაკეტს, რომელიც გინდა თუ არა ჩვენთვის წარმოადგენს მაფორმირებელს. წიწიბურა და მსგავსი პროდუქცია თავის ფასშიც რომ გავყიდოთ, საერთოდ არ არის ეს ჩვენთვის მდგენელი და არ არის პრობლემა. ზეთებზე რომ არის საუბარი, არ შეიძლება ის ზეთები, რომლებიც ჩვენთან იყიდება, კონკურენციაში დააყენო, რადგან სხვა საფასო სეგმენტშია.

იცით ჩვენ როგორ გვიყურებენ? - როგორც ბურჟუაზიას. ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი. ცნობილი გამონათქვამები რომ არის, მე მარგალიტებს ვეძახი, ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი ბომბონერი „მოცარტი“, რომელსაც 172 ლარი ედო დახლზე, სოციალურ ქსელში ვიღაცა წერდა - „ხალხო, ამათ გამო შეიქმნა ფასების კომისია, მათ შექმნეს ფასების პრეცედენტი“ ან „აგროჰაბის“ გოჭზე ეწერა - „რამდენი დიპლომი აქვს ამ გოჭსო. თქვენც კარგად იცით, რომ შვეიცარიასა და ბელგიაში შოკოლადი ვერ ეღირება ისეთი [ფასი] , როგორც „როშენი“ .

მაღაზიების რაოდენობას 50-ს გადავაბიჯეთ, მაგრამ სხვებს 1000 და 1500 ტენდენცია აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაციები. სპეციალურად ვარჩევთ ლოკაციებს, რომ ის კატეგორია იყოს, რასაც ჩვენი მყიდველი ჰქვია“,- განაცხადა გიორგი თავდიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ მკაცრი პირობების გამო კომპანია ზოგიერთ სავაჭრო ქსელთან თანამშრომლობას ვერ ახერხებს, რადგან ხშირად ქსელები ცდილობენ რისკების სრულად გადატანას მომწოდებელზე.

„ქეშბექი” ეს არის ლამაზად შეფუთული ფორმა, ინსტრუმენტი. ადრე არ არსებობდა ცნება “ქეშბექი”. მიდიოდა დისტრიბუტორი და რაღაც კონკრეტულ შეთავაზებას სთავაზობდა ქსელს. ის ეუბნება, მე ამ ფასზე მეტად შენს პროდუქციას არ მივიღებ. ჩვენ მაგალითად, ბევრ ქსელთან ვერ ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ მისი პირობები არანაირად არ იტევს ბიზნესის ელემენტარულ გაგებას. მას უნდა შენი მეშვეობით აკეთოს ფული, მთელი რისკები შენ აიღო, თუ გაყიდა კარგი, თუ არადა მოგაყრის პროდუქტს. რასაც გაყიდის იმის ფულსაც ამ ცხოვრებაში თუ მოესწარი, კარგი იქნება“,- აცხადებს თავდიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×