რეზონანსი
10.03.2026

7-8 მარტს საქართველოში სამედიცინო ესთეტიკის სფეროს წამყვანი სამიტი Medical Aesthetic Summit (MAS) 2026 გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ასობით ადგილობრივმა და ათობით უცხოელმა სპეციალისტმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებული ტენდენციები, უახლესი მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნეს.

კონფერენციის ფარგლებში დერმატოლოგები, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები, ესთეტიკური მედიცინის სხვა პროფესიონალები გამოცდილი კოლეგების მოხსენებებს დაესწრნენ და კვალიფიკაცია აიმაღლეს. სამიტი ფოკუსირებული იყო მკერდის ქირურგიის, სხეულის კონტურის კორექციის, ესთეტიკური ინექციების, რეგენერაციული მედიცინისა და EBD-ის უახლეს ტენდენციებზე და მოიცავდა ექსპერტულ ლექციებს, სემინარებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს.

ფორუმის ერთ-ერთი მონაწილის, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორის და თანადამფუძნებლის (GAIA), დერმატოვენეროლოგის თამარ ლოლუას თქმით, წლევანდელი სამიტი ძირითადად ორიენტირებული იყო პაციენტების მოლოდინებზე, ახალ ხედვებზე დარგის შემდგომი განვითარების კუთხით, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე: „ხშირად ვესწრები ასეთ ფორუმებს, რომლებიც არსებით როლს თამაშობენ დარგში მომუშავე სპეციალისტების განვითარების, მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების და ჩვენი მუშაობის შემდგომი დახვეწის საქმეში. ეს არის უდიდესი შრომა სამიტის ორგანიზატორების მხრიდან, მოაწყვეს რა ამხელა მასშტაბის ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმი".

კლინიკა „ტოტალშარმის" პლასტიკური ქირურგის გიორგი სულამანიძის თქმით, შარშანდელი სამიტი იგეგმებოდა, როგორც შედარებით მცირე ღონისძიება: „მაშინ 250-ზე მეტი ექიმი შეიკრიბა - ძირითადად პლასტიკური ქირურგების და დერმატოკოსმეტოლოგების მონაწილეობით. წელს კი გაცილებით ფართო ფორმატის ღონისძიება ჩავატარეთ და მასში 500-მდე მხოლოდ ექიმმა მიიღო მონაწილეობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ესთეტიკური მედიცინა ჩვენთან სწრაფად ვითარდება და ასეთი ლოკალური კონფერენცია სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. მოხსენებებით გამოვიდნენ პლასტიკური ქირურგიის და დერმატოლოგიის დარგის სპეციალისტები, მათ შორის 10-ზე მეტი უცხოელი სპიკერი. გაიმართა მრავალფეროვანი ვორქშოპები. შარშანდელის მსგავსად, გვაქვს მხარდაჭერა GEOPRAS-დან - საქართველოს პლასტიკური ქირურგების საზოგადოებისგან. წელს დაგვემატა GAIA - ესთეტიკური მედიცინის ასოციაცია და უკვე გვერდში გვიდგას ასევე ISAPS - საერთაშორისო პლასტიკური ქირურგებისა და ესთეტიკური ქირურგების საზ-ბა, რომელიც 6 ათასზე მეტ პლასტიკურ ქირურგს აერთიანებს.

MAS სამიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ISAPS-ს მე-5 სიმპოზიუმი.

ამგვარად, საქართველოში გვაქვს 2 დიდი ყოველწლიური ღონისძიება - ერთია პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი „კოლხიდა" და წელს ივლისში იგი საიუბილეოდ, მეოცედ ჩატარდება, როცა 2 ათასამდე ექიმი შეიკრიბება 100 ქვეყნიდან. MAS სამიტი კი ნაციონალური სამიტია, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ".

MAS-სამიტი 2026-ის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, კლინიკა „ტოტალ შარმ ვაკეს" დამფუძნებლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ალბინა ქაჯაიას თქმით, სამიტი პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგის სპეციალისტებს, სხვა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ინდუსტრიის უახლესი ტენდენციები, მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც აუცილებელია პროფესიული ლიცენზიის შესანარჩუნებლად.

„პლასტიკური ქირურგები იღებენ ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულებს. კონფერენცია მათ ეხმარება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების მიხედვით შეინარჩუნონ ლიცენზია, რადგან ისინი ვალდებულნი არიან წლის განმავლობაში დააგროვონ საჭირო რაოდენობის უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარების) ქულები. რიგით მეორე სამიტი დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მას შემდგომშიც ყოველწლიურ ფორმატში ჩავატარებთ. მთავარი ამ საქმეში ჩვენი, ქართული სამედიცინო საზოგადოების მხარდაჭერაა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბარში ალბინა ქაჯაიამ.

ვასო კაპანაძე

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×