რეზონანსი
08.03.2026

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი - პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.

გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა - თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.

საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა - მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.

კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას - ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე "კურიერი P.S-თან" ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა - შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×