
ადვილი ამოსაცნობია, რომ ეს ერთი შემადგენლობაა, ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ნარატივის გამავრცელებელი, რომელთა ამოცანაც არის მხოლოდ ერთი, დესტაბილიზაცია და არეულობა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აგენტურის ოპოზიციის ხელისუფლებაში მობრუნების ერთადერთი გზა არის დესტაბილიზაცია და არეულობა.
„არანაირი შანსი იმისა, რომ საარჩევნო გზით ისინი ოდესმე შეიწყნაროს ქართველმა ამომრჩეველმა, მას შემდეგ რაც იმ წლებში გააკეთეს და დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებენ, არ არის. ეს გაერთიანება არანაირი გაერთიანება არ არის, ეს უბრალოდ კონფიგურაციის გადალაგებაა.
ესენი არიან შემოქმედები ავტორიტარული სახელმწიფოსი სააკაშვილთან ერთად. იმ პირველივე წუთებიდანაც კი, როდესაც კოჰაბიტაცია ჩამოყალიბდა და უთხრეს, რომ აღარ შეგახსენებთ თქვენს წარსულს, დაიწყეს რევოლუციური სიტუაციების მზადება, დესტრუქციული ქმედებები, შემდგომში მუდმივად იმის ძახილი, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე პარლამენტში როდესაც აირჩევდნენ, თვეობით არ შემოსვლა, შემდეგ დარბაზში ხან რაღაც ნივთიერებას დაასხამდნენ, რომ სხდომა ჩაეშალათ და მაგიდაზე ასული ზოგიერთი ქალბატონიც გემახსოვრებათ. ჩვენ კი არ ვახსენებთ თავის წარსულს, თვითონ გვახსენებენ მუდმივად", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.