რეზონანსი
08.03.2026

ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწევენ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოაშორებენ“.

„ხამენეი, მზად ვარ, შენი ბრძანების შესასრულებლად!“ - ამ მოწოდებით შეიკრიბნენ თბილისში, ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით, საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს. ამას ადასტურებს როგორც ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ასევე მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა. ასეთ დროს სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე.

უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად ჰრაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს - და ამ დროს, მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ. ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას. ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნახტომისებურად გავაძლიერებთ, ქვეყნის შიგნით მტრული სახელმწიფოების გავლენის ქსელებს გავანეიტრალებთ, აღვადგენთ და განვამტკიცებთ ურთიერთობას ქართველი ხალხის მოკავშირეებთან და ქვეყანას უსაფრთხო, დასავლური სივრცის ნაწილად ვაქცევთ“, - წერს ბოკერია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×