მარიამ ვეკუა
07.03.2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ის კონგრესში შეხვედრები დაასრულა. დელეგაციის წევრების თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებსა და ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებს. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ შეიძლება რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ამ შეხვედრებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს.

როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრები ხუთ კონგრესმენს შეხვდნენ, რომლებიც ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოადგენდნენ.

პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრებისას საუბრის ძირითად თემას ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და „შუა დერეფნის" განვითარების საკითხი წარმოადგენდა.

კონგრესში ბოლო შეხვედრა დელეგაციის წევრებმა კიტ სელფთან გამართეს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. დღის განმავლობაში ასევე შეხვედრები გაიმართა რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნასთან.

„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ „შუა დერეფნის" განვითარების საკითხით და საქართველოს როლით „შუა დერეფანში".

„შეხვედრებისას ძალიან საინტერესო დიალოგი წარიმართა. კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ ზოგიერთი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა", - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დელეგაციის წევრები იყვნენ : საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა დელეგაციის შემადგენლობაში კი არიან დეპუტატები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად საქართველოს დელეგაციას აშშ-ს საშუალება მიეცა კონგრესმენებთან შეხვედრა გაემართა.

"ოცნება" ცდილობს ხალხი დაარწმუნოს"

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობაში რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს.

  • შარაშიძე: „ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს.

გიორგი შარაშიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამერიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ამერიკასთან მიმართებაში რაიმე შედეგზე საუბარი ნაადრევია.

დეპუტატის თქმით, წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ოცნება" საზოგადოებას ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ჰპირდებოდა, მაგრამ არათუ გადატვირთვა არ მომხდარა, არამედ სტრატეგიული ურთიერთობა უფრო დაბალ ნიშნულზეც ჩამოდის.

„ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს. ჩვენც გვინდა, რომ გაკეთდეს და დაინტერესებული ვართ, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა აღდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებული დონე საკმარისი არ არის. იყო დრო, როცა რეგიონში მეზობლები ჩვენზე აკეთებდნენ სწორებას, მაგრამ დღეს ჩვენ გვიწევს, მათ შევხედოთ. მათ ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდენტების დონეზე აქვთ ურთიერთობა. ამიტომ, ვნახოთ. შედეგი ჯერ არ არის და უახლოეს პერიოდში არ იქნება, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს", - განაცხადა შარაშიძემ.

 

„ოცნების" მოლოდინი

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ამის შესახებ საკმაოდ დადებითი მოლოდინებია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში განვითარებას", -განაცხადა სეფაშვილმა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო საკუთარი ინტერესების დაცვით მოქმედებს, ამერიკასაც აქვს თავისი ინტერესები და სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად ეს ინტერესები უნდა იყოს დაახლოებული.

  • გორდულაძე: „ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს და არა ის ფურცელზე გაწერილი პოსტულატი, რომლის უკანაც შინაარსი არ იყო"

„აშშ-ის წინა ორმა ელჩმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთიერთობა როგორმე მინიმუმამდე ყოფილიყო დასული. ნიშანდობლივია, რომ გლობალური ომის პარტიაზე საუბარი ჩვენ დავიწყეთ, ვიდრე დონალდ ტრამპის განცხადებებს მოვისმენდით. ვამბობდით, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოში რევოლუციური პროცესების მართვას ცდილობდნენ და მათ დაფინანსება გაუჩერდათ, რადგან რევოლუციების ხელშემწყობები არიან. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს. იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამერიკას თავისი ინტერესები არ ექნება. რა თქმა უნდა, ინტერესები დაახლოებული უნდა იყოს. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს და არა ის ფურცელზე გაწერილი პოსტულატი, რომლის უკანაც, სამწუხაროდ, შინაარსი არ იყო", - განაცხადა გორდულაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×