
ტვ პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებამ საქართველოში მოქმედი „ტერორისტების სკოლის" შესახებ მმართველი გუნდის მწვავე რეაქცია გამოიწვია - კახა კალაძე მის სიტყვებს „მოღალატეობრივ ქმედებად" აფასებს, თავად ხიდაშელი კი ამბობს, რომ მუქარის არ ეშინია.
„მოვისმიმე მისი სიტყვები, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით იმუქრება. (კალაძე) მიმართავს სამართალდამცავებს, რომ დაინტერესდნენ ჩემით, ბოლოში ისევ მიბრუნდება და ამბობს, რომ ამისთვის აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
„მის სიტყვებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მაყურებელმა იცოდეს, რაზე არის საუბარი და ასევე მან გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი - რას გულისხმობს, როცა ის ჩემზე და ამ კონკრეტულ თემაზე საუბრობს - ანუ რასთან აქვს პრობლემა, რომელ ნაწილთან - რას თვლის, რომ არასწორად კომუნიცირებულია," - განაცხადა ხიდაშელმა.
მართალია, ხიდაშელს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს, თუმცა, „რეზონანსის" ინფორმაციით, საუბარია ქვემო ქართლში არსებულ არაფორმალურ ქსელზე, რომელიც ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი კი ამერიკის მიერაა დასანქცირებული და ირანის პოლიტიკური ელიტის ერთგვარ სამჭედლოს წარმოადგენს.
მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ამ განცხადებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. რას გულისხმობენ მმართველ გუნდში და რა სახის რეაგირებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
„არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები.
„ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ხიდაშელის განცხადებაზე აქცენტი ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმაც გააკეთა: „არავის არ ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ. შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ და ახლა წარმოადგენ უცხო ქვეყანას.
„თან საჯაროდ ეუბნები და აცხადებ, რომ, აი, საქართველოში არის ისეთი პროცესები, რომელიც საჭიროებს, რომ დაარტყას მათ შორის შეერთებულმა შტატებმა. აი, ეს არის მათი მენტალობა პირდაპირი გაგებით, რომ ოღონდ თვითონ რამენაირად დაიკმაყოფილონ ის ბოღმა, რაც აქვთ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში."
რა თქვა ხიდაშელმა
ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ამერიკულ პრესაში დღეს უკვე დაიწერა და ამ კონკეტულ საკითხზე საქართველოდან განმარტების გაკეთება აუცილებლად მოუწევთ.
„საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი", თუმცა ის უნივერსიტეტი არ არის, არც აკრედიტაცია აქვს და არც არაფერი, იმისთვის, რომ აკადემიურ დაწესებულებად ჩაითვალოს, თუმცა, ის ფუნქციონირებს, იქ სწავლება მიმდინარეობს და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადდა.
- ხიდაშელი: „დიახ, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები და ჩვენს უმცირესობებით დასახლებულ ერთ-ერთ რაიონშია."
„ეს ფაქტი არავის დარჩება შეუმჩნევლი, ამერიკული მედია წერდა დღეს ამის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს ეს ფილიალი, რომლის რექტორიც იყო ეს კაცი. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის, ეს არის ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ ადამიანებს, „სიკვდილი ამერიკას" და „სიკვდილი ისრაელს" სულისკვეთებით. დიახ, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები და ჩვენს უმცირესობებით დასახლებულ ერთ-ერთ რაიონშია, რაც ასევე დამატებითი პრობლემის მატარებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, რას გულისხმობს თავის სკანდალურ განცხადებაში. „რეზონანსის" ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ საუბარია ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში არსებულ რელიგიურ საგანმანათლებლო ცენტრზე, რომელიც არაფორმალურად არის დაკავშირებული ირანის სასულიერო დედაქალაქ ყუმში არსებულ ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ეს არის ამერიკის მიერ დასანქცირებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც შიიტური ისლამის მთავარი, ასე ვთქვათ, თეოლოგიური ცენტრია და მრავალ ქვეყანაში აქვს ფორმალური და არაფორმალური ფილიალები. მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, არის მარნეული, სადაც ხდება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტისთვის სტუდენტების რეკრუტირება და არარეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის თეოლოგიური ღნისძიებები.