რეზონანსი
05.03.2026

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას.

„საქართველოს ბანკი“, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი და წარმოდგენილია ისეთ გლობალურ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა - HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

„ვულოცავ „საქართველოს ბანკს“ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს არის მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ქართული საბანკო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის. სწორედ ქართული საბანკო სექტორი არის ბოლო პერიოდში არაერთი გავლენიანი სარეიტინგო კომპანიისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი. ეროვნული ბანკი როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მდგრადი, სანდო და მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა. ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა, მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რეგიონული გაფართოება და სხვა.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა. 2012 წელს კი იგი FTSE 250-ის წევრი გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×