რეზონანსი
05.03.2026

„სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ, უკვე შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, რაც ბევრის მანიშნებელია. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს თეთრ სახლში როცა მიიწვევენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად ფიქრობს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს, რადგან არავინ ელოდა, რომ ერთი შეხედვით კონფერენციაზე წასული დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტშიც და თეთრ სახლშიც გამართავდა. საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება, რადგან ახლა ყველაფერი მართლა თავიდან არის დასაწყები. დარწმუნებული ვარ, ამერიკაც დაინტერესებულია ურთიერთობის აღდგენით ამ რეგიონში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×