
ოთხშაბათს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს და უკვე არსებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება. რა ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება ამ კანონების ამოქმედებით და რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე?
ამ ცვლილებების თანახმად, ხელისუფლებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით, ან 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება: „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
კანონდარღვევად ჩაითვლება პირი, რომელიც სისტემატიურად გამოვა საჯარო მოწოდებით კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ.
გარდა ამისა, დასჯადი ხდება ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია კონსტიტუციური წყობილების, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი.
გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება ხდება „კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა". ამ დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში დანაშაულის მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს ერთი წელი დაემატება.
- რამაზ საყვარელიძე: „ალბათ აღარ იტყვიან „არჩევნებს არ ვაღიარებთო" - ეგაა და ეგ. სხვა ყველაფერი იგივე ექნებათ - „ქუჩაში გავიდეთ და ვანახოთ რამდენი ვართ".
ეს ცვლილებები ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად ამოქმედდება.
„ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მაინც არ აღიარებს „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად.
„მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები „ქართული ოცნების" იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება. ქართველი ხალხი არ აღიარებს „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად. სამოქმედო ხაზია ის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული.
„მომდევნო დღეებში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, ამის შესახებ მედიას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არდათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს", - განაცხადა თევზაძემ.
რას შეცვლის ახალი კანონები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონით ოპოზიცია არჩევნების არაღიარებას ვეღარ იტყვის. მისივე აზრით, ეს ოპოზიციურ ტაქტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ერთ-ერთი რეალობა იქნება იმის ჩამკეტი, რაც იყო 2024 წელს, როცა არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა და მთელ მსოფლიოს მოსდო - არჩევნები გაყალბებულიაო. ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება. ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლური ქვეყნების მიერ ოპოზიციის მხარდაჭერა ხდება ძირითადად ამ ლოზუნგით - აი, ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და ჩვენ უნდა მივეხმაროთ. ეს არაღიარება რევოლუციის მოხდენის ერთ-ერთი ბერკეტია. ამ ბერკეტის გამოყენების განეიტრალებისთვის არის აღნიშნული კანონი შემოღებული.
„13 წელია ოპოზიციას ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს და არ მგონია ამ კანონმა არსებითი გავლენა მოახდინოს. ალბათ აღარ იტყვიან „არჩევნებს არ ვაღიარებთო" - ეგაა და ეგ. სხვა ყველაფერი იგივე ექნებათ - „ქუჩაში გავიდეთ და ვანახოთ რამდენი ვართ". ტაქტიკის ცვლილება იქნებოდა, თუ არჩევნებისთვის მოემზადებოდნენ, თორემ სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა.
- ნიკა ჩიტაძე: „შეიძლება ვინმე მართლა დააკავონ და ამის პრეცედენტი შექმნან, რათა სხვები დააშინონ."
„ისინი, ვინც რუსთაველზე ყოველ ღამეს დადიან, ერთი წელია არაფერს იძახიან. ბანერები კი უჭირავთ, მაგრამ ტრიბუნა და პოლიტიკური განცხადებები ხომ არ არის? ამიტომ მეეჭვება ასეთი პოლიტიკური ნოუანსი - რას ვაღიარებთ და რას არა - ამ შემთხვევაში მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ის კი არა, შეიძლება დასაწყისში ენა წაუცდეთ, თქვან, ხელისუფლებას არ ვაღიარებთო და ამის მსხვერპლიც გახდნენ. მერე ჩასვამენ ციხეში და ამის პრეცედენტი აღარ იქნება. როგორც ვხედავთ, ციხეში ჩასმამ საპროტესტო აქციები დაარეგულირა - აღარ არის ქვების სროლა და პოლიციელებზე მაშხალების მიშვერა. ანალოგიური მოხდება ან შემთხვევაშიც", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი ამბობს:
„ეს არის მცდელობა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე ზეწოლა განახორციელონ და აიძულონ, აღიარონ მათი ლეგიტიმურობა. შეიძლება ვინმე მართლა დააკავონ და ამის პრეცედენტი შექმნან, რათა სხვები დააშინონ.
„ამის მიუხედავად ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს და იტყვის, რომ ხელისუფლებას არ აღიარებს. ახალ არჩევნებს მაინც მოითხოვს. ჩემი აზრით, ბრძოლა გაგრძელდება, მითუმეტეს, რომ ოპოზიცია გაერთიანდა".