
ახალშექმნილი ოპოზიციური ალიანსი მასშტაბურ აქციას გეგმავს და ხალხის მობილიზაციისათვის რეგიონებში გასვლას აპირებს. აქციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და 4 მარტის მათი პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ეს იყო. ალიანსის ლიდერთა თქმით, „პრიორიტეტი საქართველო და ქართველ ხალხთან საუბარია". მოგვიანებით კი მოსალოდნელია ალიანსის წარმომადგენელთა ვიზიტები დასავლეთში, სადაც, მათივე თქმით, შეეცდებიან დასავლელ პარტნიორებს დაანახონ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა სწორედ ოპოზიციური ალიანსია.
უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია მუდმივად უყენებდა ოპოზიციას ბრალდებას, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვების ნაცვლად ძირითადად დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე იყვნენ ორიენტირებული. „ოცნება" მათ გეგმას ახლაც სკეპრიკურად უყურებს.
ალიანსის ლიდერები კი მედიასთან დეტალების გასაჯაროებას თავს არიდებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ალიანსის გეგმით ასევე გათვალისწინებულია ვიზიტები დასავლეთში.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ აქცია ზუსტადაც რომ დასავლეთზეა გათვლილი, რომ ალიანსმა აჩვენოს რა ტიპის მხარდაჭერა აქვს ხალხისგან, რათა მათში ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა დაინახონ.
ალიანსის გეგმები
„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ალიანსის პრიორიტეტი საქართველო და ქართველი ხალხია.
„ოპოზიციის ალიანსის დაფუძნება პირველი სტრატეგიული ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც გვექნება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ პრიორიტეტი არის საქართველო, ქართველ ხალხთან საუბარი და შემდგომ უკვე საერთაშორისო და არა პირიქით. ამ ქვეყანაში შურისძიება-ანგარიშწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან. ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისაც ვესაუბნებით, ესაა საზოგადოება", - განაცხადა ვაშაძემ.
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზებაა.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაციაა, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი კამპანიები და ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია ალიანსის მიზნებზე საუბრობს.
„ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოს ძალაუფლება. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ამის შემდეგ მოხდება ქვეყნის დაყენება იმ გზაზე, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ქვეყნის შიგნით თავისუფლებას დაიცავს", - აღნიშნავს ბოკერია.
- გიგა ბოკერია: „ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოს ძალაუფლება. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ."
კითხვაზე, როგორ მოხდება „ქართული ოცნების" მხრიდან ძალაუფლების დათმობა და სამომავლოდ მოხდება თუ არა მოლაპარაკება ალიანსსა და „ქართულ ოცნებას" შორის, ბოკერია აღნიშნავს, რომ როდესაც მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები „რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება".
აქციის საჭიროება
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ გარდა გაცხადებული მიზნებისა, ოპოზიციას ხალხმრავალი აქცია დასავლეთისთვის საჩვენებლად უნდა, რომ ალიანსს ქვეყანაში მხარდაჭერა აქვს.
„გასაგებია, ხალხმრავალი აქცია არჩევნების ჩანიშვნისთვის სჭირდებათ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიებმა განვლილ 13 წელიწადში არაფერი ისწავლეს და უბრალოდ იმას იმეორებენ, რაც სააკაშვილისგან იციან - რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლების შეცვლის საშუალებაა, როგორც სააკაშვილმა შევარდნაძე შეცვალა.
„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აქციის მიზანი იყოს ის, რომ დასავლეთს მხარდაჭერა აჩვენონ. თუმცა 13 წლის განმავლობაში ვერ შეკრიბეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობა საიმისოდ, რომ ხელისუფლება შეერყიათ.
„ახლაც დიდი გონება არ უნდა იმას, რომ თუ 13 წლის განმავლობაში ვერ შეკრიბე და ახლაც თუ ვერაფერი შეცვალე, არაფერი არ შეიცვლება შედეგშიც. აქედან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების შეცვლა არ აქვთ მიზნად და მათი მიზანი შეიძლება იყოს უცხოელების ყურადღების მიქცევა და სახსრების მოზიდვა ოპოზიციისკენ და თუ მეტ-ნაკლებად თვალშისაცემი პროტესტი იქნა, უცხოელები კმაყოფილები იქნებიან.
„ახლა ძირითადად დასავლეთს არა იმდენად ხელისუფლების ალტერნატივა სჭირდება, რამდენადაც იმის ჩვენება, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ამიტომ ოპოზიციური ძალების დაფინანსება უნდა გავაძლიეროთ", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზოგადად აქცია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა და მისი დაანონსებაშიც უცნაური არაფერია:
„აქცია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა, ამისთვისაა საჭირო. თუ აქციას აანონსებენ, აბსოლუტურად გასაგებია და ამაში ვერ ვხედავ ვერაფერ არაბუნებრივს".
ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მტკიცება, რომ ოპოზიციისთვის პრიორიტეტი დასავლეთის და არა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და შენარჩუნება იყო, არადამაჯერებელია.
„ოცნებიდან" იმდენი სისულელე ითქმება, ყველაფერი თუ დავუჯერეთ, მაშინ „ოცნების" გულშემატკივრები უნდა გახვდეთ. ისინი კი ამბობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე იყო. ჩვენ ქმედებებს ვუყურებთ.
„კი, ბატონო, ვნახავთ ერთი რას დაელაპარაკებიან ხალხს, როგორ, რანაირად და ამ ყველაფერს ქმედების მიხედვით შევაფასებთ. საერთოდ სწორია, როცა პოლიტიკური ძალა ქმედებებით შეფასდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის ალიანსი და დასავლეთი
კითხვაზე, აღიქვამენ თუ არა ამ ალიანსს დასავლეთში, როგორც მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივას, რამაზ საყვარელიძემ გვითხრა, რომ დასავლეთს მაინცდამაინც ალტერნატივა არ აინტერესებს, თუმცა მათ დაეყრდნობა, რადგან „სხვა გზა არ აქვთ".
„ისინი ხელისუფლების ალტერნატივად ყველას აღიქვამდნენ, ვისაც ამ ხნის განმავლობაში აფინანსებდნენ. „მოლოტოვის კოქტეილების" ატორებს აფინანსებდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ გამოდგებოდა, მათთვის პროტესტი იყო მთავარი. ამ საპროტესტო აქციაზე ევროპის ქვეყნების ბიუჯეტებიდან იდება ფული და მათი ამომრჩეველი თანახმა უნდა იყოს, რომ ბიუჯეტში ფული იმ ქვეყნების დასახმარებლად ჩაიდოს, სადაც საპროტესტო აცქიებია. ისინი ამას გააფორმებენ, როგორც რუსულის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპისკენ მიმავალი პარტიების საპროტესტო აქციას.
- რამაზ საყვარელიძე: „ამ პარტიებმა განვლილ 13 წელიწადში არაფერი ისწავლეს და უბრალოდ იმას იმეორებენ, რაც სააკაშვილისგან იციან - რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლების შეცვლის საშუალებაა, როგორც სააკაშვილმა შევარდნაძე შეცვალა."
„მათი მეგობარი უილსონიც კი არ იძახის, რომ ეს ხელისუფლების ალტერნატივააო. პრინციპში არ აინტერესებთ ალტერნატივა, მათ აინტერესებთ აქ იყოს პროტესტი, რომლის დაფინანსებაზეც თავიანთ ამომრჩეველს დაიყოლიებენ", - განცხადა საყვარელიძემ.
დამატებით კითხვაზე, დასავლეთი დაეყრდნობა თუ არა აღნიშნულ ძალას, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში ხელისუფლებას შეცვლის, საყვარელიძემ გვითხრა:
„ეყრდნობა, სხვა გზა არ აქვთ. „ქართულ ოცნებას" ვერ ეყრდნობა, „ოცნება" უარზეა, რომ სურვილები შეუსრულოს, ესენი კი თანახმა არიან, რომ ყველაფერი შეასრულონ და ძალაუნებურად ამათ უნდა დაეყრდოს. მაგრამ აქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ესენი ხელისუფლების ამღებები არიან, ეს მეეჭვება. თუმცაღა, მიუხედავად ყველაფრისა, მათ მაინც აწყობთ ეს საპროტესტო აქცია", - განაცხადა საყვარელიძემ.
დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ დაინახავს თუ არა ოპოზიციურ ალიანსში დასავლეთი ალტერნატიულ ძალას, ამას თავად მათი რეაქციით მივხვდებით, როცა დასავლეთში ოპოზიციონერთა ერთობლივი ვიზიტები დაიწყება.
„ამას ყველა დავინახავთ თვითონ დასავლეთის ქვეყნების რეაცქიიდან. წინასწარ ამის თქმა ძნელია. მათ თავისი კრიტერიუმები აქვთ, ჩემი გამოცდილებით, აშშ-შიც და ევროპაშიც ერთი ადამიანის ნათქვამით დასკვნებს არ აკეთებენ. ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებენ და იმ ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მერე იღებენ გადაწყვეტილებას და რა როგორი იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.