რეზონანსი
04.03.2026

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ წერს: 

"ოპოზიციის დღევანდელი გაერთიანება სიმბოლურად დაემთხვა გასული წლის თებერვალ–აპრილში დაწყებულ პროტესტს, ახალი არჩევნების დანიშვნისა და პარლამენტის ბოიკოტის მოთხოვნით. პროცესი დამძიმებული იყო იმითაც, რომ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი პირების მხრიდან - მათ შორის საბანკო და ფინანსური სექტორის ყოფილი ხელმძღვანელების მხრიდან - გაისმოდა მოწოდებები გაფიცვებისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვებისკენ.

ამავე პერიოდში ვრცელდებოდა ხელოვნურად დამძიმებული და მანიპულაციური პროგნოზები: სავალუტო რეზერვების კრიტიკულ ზღვრამდე შემცირების, ლარის მკვეთრი გაუფასურების, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდისა და ეკონომიკური კოლაფსის შესახებ. ეს იყო დრო, როდესაც ოპოზიცია არ ცნობდა პრეზიდენტ ყაველაშვილის იურისდიქციას და მოქმედ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევდა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების ყველაზე მძიმე გამოცდა 2020 წლიდან მოყოლებული - ფაქტობრივად, „ბეწვის ხიდზე“ გავლა.

განსაკუთრებით 2025 წლის თებერვალ–მარტში საქართველო ორმაგი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისი თანხვედრაში მოვიდა საგარეო სტრატეგიული ნდობის შესუსტებასთან. შემთხვევითი არ არის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა და პროტესტის უწყვეტობა პირდაპირ აისახება ეკონომიკურ განწყობებზე - ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიან სტაბილურობაზე.

ეკონომიკური უსაფრთხოება პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რადგან ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლურ ბაზრებზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე.

დღეს, როდესაც სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და წლის დასაწყისში 6.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - მათ შორის სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის - 5.5%-იან პროგნოზს თითქმის 2 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, შეიძლება ითქვას, რომ დესტაბილიზაციის კრიზისული პიკი უკვე გავლილია.

ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტოებმა - Standard & Poor s-მა და Moody s Investors Service-მა - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესეს, ხოლო საბანკო სექტორის პერსპექტივა უარყოფითიდან დადებითად შეაფასეს. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ფინანსური ბაზრებისთვის.

ეს შეფასებები პირველ რიგში ფინანსური მდგრადობის დადასტურებაა. სააგენტოების შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს როგორც შიდა, ისე გარე შოკებს.

თუ გლობალური და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზეც კი რეიტინგები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ინსტიტუციურად უფრო მდგრადია, ვიდრე პოლიტიკური ფონი; ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა შედარებით კონსერვატიული და სანდოა; ბიუჯეტის მდგრადობა დადებითად არის შეფასებული; ხოლო ფინანსური სექტორი რეგიონში ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ რჩება.

ამას ადასტურებს 500-მილიონიანი სახელმწიფო ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირებაც, რაც ქვეყნის ვალის მომსახურების სანდოობაზე მიუთითებს.

ფაქტია, რომ ეკონომიკური კოლაფსის სცენარი არ განხორციელდა, ხოლო 

საერთაშორისო ფინანსურმა ბაზრებმა არჩევანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთეს.

დღეს, როცა ოპოზიცია კვლავ ცდილობს შიდა რყევების გაღრმავებას და სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვას, მაკროეკონომიკური რეალობა ნათლად ცხადყოფს ერთს: სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით ძლიერი და მდგრადია, ვიდრე ამას ოპოზიცია წარმოაჩენდა.

საბოლოოდ, სწორედ ეს ფაქტორები ქმნის ქვეყნის ეკონომიკურ „ბუფერს“ გარე შოკების წინააღმდეგ. პოლიტიკური ციკლები ცვალებადია, თუმცა ფინანსური სტაბილურობა და ინსტიტუციური სიმტკიცე ის საფუძველია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრად განვითარებას განსაზღვრავს", - დაწერა გიორგი ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×