
ახლო აღმოსავლეთში ესკალაციამ გლობალური პოლიტიკური ფოკუსი საგრძნობლად შეცვალა, იმდენად, რომ გავლენიანი გამოცემების შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი დროებით მეორე პლანზე ინაცვლებს. სწორედ ამ ფონზე დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს, თუმცა კიევში უკვე ღიად საუბრობენ რესურსებისა და ყურადღების გადანაწილების რეალურ რისკებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის გეგმები აღმოსავლეთ უკრაინისა და სამხრეთით მდებარე ტერიტორიების მიტაცების შესახებ უცვლელი რჩება.
„ჩვენ გვესმის რა სურთ მათ. ჩვენ გვესმის, რომ მათიმიმართულებები ისევ აქტუალური რჩება - ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთის, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია", - თქვა მან.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, რუსული ნაწილები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ხანგრძლივ და ნელ წინსვლას ახორციელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ მათ სამი ახალი სოფელი დაიკავეს.
ამის საპირწონედ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მათ იანვრის ბოლოდან მოყოლებული ზაპოროჟიეს რეგიონში, ცხრა დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს და სამხრეთ-აღმოსავლეთში ფრონტის ხაზის გასწვრივ კონტრშეტევას აგრძელებენ.
აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები კი ისევ ჩიხშია შესული. ყველაზე დიდი დაბრკოლება ტერიტორიის საკითხია. რუსეთს სურს, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონი სრულად დათმოს.
მოლაპარაკება გრძელდება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინას შემდგომი ტერიტორიული დათმობები არ უნდა მოუწიოს. მისივე თქმით, აქცენტი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზეც გააკეთა.
„ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები", - განაცხადა მერცმა ოვალურ კაბინეტში.
მერცმა ტრამპს მოუწოდა, რომ ვლადიმირ პუტინზე მეტი ზეწოლა მოახდინოს.
„რუსეთი აქ დროს იგებს და ამით ამერიკის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღევანდელ მოლაპარაკებებში მე მას (ტრამპს) მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე", - განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს.
- ფრიდრიხ მერცი: „ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმება არ იქნება".
აშშ, რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ სამმხრივ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისახავს, თუმცა, მერცმა განაცხადა, რომ მდგრადი მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი პაქტი შეიძლება იყოს.
„ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმება არ იქნება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მეორეს მხირვ, ტრამპმა მერცი დაარწმუნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკება მისთვის პრიორიტეტად რჩება - ვკითხულობთ „გარდიანის" სტატიაში.
საინტერესოა ისიც, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე მილსადენ „დრუჟბას" საკითხიც განხილეს, რომლის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთს კიდევ უფრო დაეძაბათ ურთიერთობა უკრიანასთან, რის გამოც კიევისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას აფერხებებ.
ფონ დერ ლაიენმა „იქსზე" დაწერა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა სესხი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ენერგეტიკულ უსაფრთხოება და სასწრაფოდ საჭირო თავდაცვის მასალების ხელმისაწვდომობის საკითხიც.
ახლო აღმოსავლეთმა უკრაინის ომი გადაფარა?
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიღების პრობლემა შეუქმნას. მისი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინის მოკავშირეებმა ყურადღება სხვა კონფლიქტზე გადაიტანონ.
„შეიძლება გაგვიჭირდეს რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მოპოვება ჩვენი ცის დასაცავად. ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ისინი თავდაცვისთვის დასჭირდეთ. ვსაუბრობ, მაგალითად, „პეტრიოტის" რაკეტებზე", - განუცხადა ზელენსკიმ იტალიურ „კორიერე დელა სერას".
კითხვაზე, არსებობდა თუ არა რისკი, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „დაივიწყონ" უკრაინის თავდაცვა და ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანონ, ზელენსკიმ უპასუხა:
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „შეიძლება გაგვიჭირდეს რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მოპოვება ჩვენი ცის დასაცავად. ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ისინი თავდაცვისთვის დასჭირდეთ. ვსაუბრობ, მაგალითად, „პეტრიოტის" რაკეტებზე".
„რა თქმა უნდა, ეს რისკია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ირანის კრიზისი შეზღუდული ოპერაციად დარჩება და არ გადაიქცევა ხანგრძლივ ომად. ჩვენ პირადად ვიცით, რამდენად სისხლიანია ის".
დასავლეთის მიერ უკრაინის „დავიწყებაზე" საუბრობს „ბიბისიც". მათი შეფასებით, გასულ კვირას კიევის ქუჩები დასავლელი ლიდერებით იყო სავსე, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, მათ ყურადღება სხვა კონფლიქტზე გადაიტანეს. ზელენსკის კომენტარები კი უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ გაურკვევლობას ასახავს.
გარდა ამისა, უკვე არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებაც, გაიმართება თუ არა აშშ-სა და რუსეთთან დაგეგმილი უახლესი მოლაპარაკებები.