თამთა ჩაჩანიძე
04.03.2026

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი იფიციალური ვიზიტით თბილისს ესტუმრა. სომხეთისა საქართველოს პრემიერების თანათავმჯდომარეობით შედგა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც პარტნიორობის გარღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში. ასევე გაიმართა ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაც, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ვიზიტს ჰქონდა როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური ნაწილი, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციალურ ქსელში ფაშინიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები, რომელიც კახეთში ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, სადაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვახშამზე უმასპინძლა.

ორდღიანი ვიზიტი

ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციით თბილისს 3 მარტს ესტუმრა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის დელეგაციას კახეთში, სიღნაღში მდებარე სასტუმრო ბოდბეში უმასპინძლა, სადაც დაიწყო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, ერთ-ერთში ჩანს, რომ ფაშინიანი დასარტყამ ინსტრუმანტებზე აკომპანიმეტს უკეთებს მომღერალ მარიამ შემგელიას.

4 მარტის დილით კი, ფაშინიანმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა სასტუმროს აივნიდან სიღნაღის ხედებით და წარწერით „დილა მშვიდობისა საქართველო, კარგ დღეს გისურვებთ და მიყვარხართ ყველანი".

ფაშინიანის გარდა, სომხეთის დელეგაციაში შედიან: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

4 მარტს კი, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი შედგა. გაიმართა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რასაც წინ უძღვოდა კობახიძე-ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას, სომხეთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაღრმავებას, პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო პერსტექტივებს.

ერთობლივი ბრიფინგი

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის სხდომაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი. მხარეები შეეხნენ. როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში.

პრემიერმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

  • ირაკლი კობახიძე: „მოხარულები ვართ, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე".

„რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა.

„გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ტურიზმს და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს. ბუნებრივია, ძალიან ღირებულია ჩვენთვის თანამშრომლობის ეს ასპექტი. მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის კუთხით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში ესტუმრონ სომხეთს. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

„მოხარულები ვართ, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მზაობას ხაზი, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. ხაზი მინდა გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, მისი განცხადებით, სხდომაზე ეკონომიკური საკითხების გარდა, საუბარი შეეხო ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგს. ასევე განიხილეს, თუ სადაა თანამშრომლობის განვითარებისთვის ყველზე დიდი პოტენციალი. ფაშინიანმა კობახიძეს და ქართველ ერს მადლობა გადაუხადა როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველ ერს მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის.

  • ნიკოლ ფაშინიანი: „დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის."

„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ეს ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის სფეროებში აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე",-განაცხადა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×