
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საცალო ფასზე უმეტესად მოქმედებს „ქეშბექი“, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის. ახლა ჯერი საპარლამენტო და სამთავრობო კომისიაზე, საბოლოოდ კი პრემიერის გადაწყვეტილებაზეა, რათა პროდუქტებზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები დარეგულირდეს. რა მექანიზმს გამოიყენებს ხელისუფლება? სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წინ გველის გარკვეული სახის საკანონმდებლო ცვლილებები.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა „ქეშბექი“, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს „ქეშბექი“, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან, შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
„მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია დისტრიბუტორებისა და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში ფიქსირდება შედარებით დაბალი „ქეშბექი“, მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით - იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია „ქეშბექი“, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურენციის სააგენტომ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მსგავსად, ზუსტად ის პრობლემები გამოკვეთა, რაზეც მწარმოებლები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და რითეილერები საუბრობდნენ. ახლა მთავარია, როგორ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ეს პრობლემა და რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ პროდუქციის არანორმალურად გაზრდილი და გაბერილი ფასი შემცირდეს. მით უფრო, რომ პრემიერის ვადა, როდესაც მოსახლეობამ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობის შედეგი უნდა იგრძნოს, იწურება - ირაკლი კობახიძე პირველ შედეგს აპრილში ელის.
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შუალედურმა დასკვნამ კი აჩვენა ის, რასაც ამ თემაზე სპეციალისტები აქამდე საუბრობდნენ.
„გამოიკვეთა მაღალი „ქეშბექის“ პრობლემა, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია. კვლევაში საუბარია იმაზე, რომ 2023 წელთან შედარებით, 2025 წლის ჩათვლით, ბაზრის მოცულობა 13%-ით გაზრდილა. ბაზრის მოცულობა კი იმიტომ გაიზარდა, რომ ახალი მაღაზიები გაიხსნა, ქსელები გაფართოვდა, თუმცა ამ პროცესს არ მოჰყოლია „ქეშბექის“ შემცირება. მეტიც, „ქეშბექი“ იგივე რომ დარჩენილიყო, რაც ადრე იყო, მაინც არანორმალური იქნებოდა, რადგან ქსელი გაფართოვდა. თუ საცალო ქსელები გაფართოებისას, მოგებაში ასახავან ამ მაღალ ფასნამატს, ეს არ არის კარგი. ფაქტობრივად გამოდის, რომ მომხმარებლების ხარჯზე ფართოვდებიან და ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.
კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი თემა მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა. ერთია, რომ საცალო ქსელი გაფართოვდა და მან მოიპოვა თავისებური ექსკლუზივი, რათა „ქეშბექის“ ღირებულება უკარნახოს დისტრიბუტორებს. მეორეა ის არის, რომ დისტრიბუტორები, რომლებსაც შეაქვთ პროდუქცია მაღაზირებში, წვრილ მეწარმეებს ჩაგრავენ - ისინი კარნახობენ ფასებს.
„ამ პრობლემას ბაზარი ვეღარ აწესრიგებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს გარკვეული დადგენილებების შემუშავება. უნდა დაწესდეს შეზღუდვები, რომ „ქეშბექის“ თემა დამთავრდეს. აუცილებელია, ადგილობრივ პროდუქციაზე იყოს მაღალი დისქაუნთები, რადგან იმპორტირებულიც და ადგილობრივი პროდუქციაც თანაბარ პირობებში ჩადგნენ“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც. თუმცა ექსპერტი აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია, დაავალდებულოს საცალო ქსელები, საჯაროდ გამოაქვეყნონ საშუალო ფასნამატის მონაცემები ძირითადი პროდუქტების მიხედვით და დააწესოს გამჭვირვალობის სტანდარტი „ქეშბექის“ შეთანხმებებზე მწარმოებლებსა და ქსელებს შორის. ეს გაზრდის კონკურენციას და მომხმარებლის ინფორმირებულობას.
„თუ აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასნამატი ან „ქეშბექი“ ქმნის ბაზარზე შესვლის ბარიერს მცირე მწარმოებლებისთვის, შესაძლებელია რეტრობონუსების რეგულირება ან ზედა ზღვრის დაწესება და არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის მკაფიო განსაზღვრა კანონში. მსგავსი მიდგომა მოქმედებს ევროკავშირში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ზუსტად იგივე პოზიცია აქვს პარტია „ხალხის ძალა“ წევრს, თამარ ჩიბურდანიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოს ამ შუალედური დასკვნის შემდეგ, საპარლამენტო კომისიას შეუძლია, მიიღოს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებები. მეტიც, მთავრობასაც შეუძლია შესაბამისი ბრძანებებისა და დადგენილებების შემუშავება.
„ველოდები, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფი გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არც ერთ სფეროში არ გადის იმ გზას, რაც არ გაუვლია უცხოეთის სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს. საჭიროა მივიღოთ უფრო გამართული მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება ფასების შემცირება. ეს არის პარლამენტის სამუშაო ჯგუფის პირდაპირი მოვალეობა. რადგან გაკეთდა პოლიტიკური განაცხადი, უნდა შესრულდეს. ჩვენ ველით ქმედით ნაბიჯებს. პროდუქტები გამუდმებით ძვირდებოდა და თან ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
გამოიკვეთა კიდევ ერთი ფაქტორი. როგორც თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, მას რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ მოუყვა. თავიდან ექსპერტმა არ დაიჯერა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ მსხვილ სუპერმარკეტში ეს ფაქტი თავადვე გადაამოწმა:
„ჯერ არ მინდა ღიად დავასახელო კონკრეტული ბრენდი, დიდ სუპერმარკეტს ვგულისხმობ, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ ეს ფაქტი. მათ აქვთ დაგროვების ბარათი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი პროდუქტებს საკმაოდ შეღავათიან ფასად ყიდულობდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღიად ისაუბრა მაღალ ფასებზე და შეიქმნა ჯერ სამთავრობო, შემდეგ საპარლამენტო კომისია, ამ ბარათების გამოყენება შეფერხდა. ბევრ ტყუილს აწყდება მომხმარებელი, რომელსაც ჰგონია, რომ ფასი დააკლდა პროდუქტებს, მაგრამ სინამდვილეში, ახლა აღარაფერი აკლდება. ეს შენიშნეს მომხმარებლებმა, დამიკავშირდნენ და მითხრეს. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე თვითონ გავედი მარკეტში და მართლები აღმოჩნდნენ - არაფერი აღარ დააკლდა.
წარმოგიდგენიათ? ხელისუფლება იბრძვის, რომ ხალხის ჯიბეში ფული დარჩეს და რაც შეიძლება, მეტი შეღავათი გაუწიოს მოსახლეობას, მაგრამ ეს მარკეტები, პირიქით, იქცევიან - ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხისგან კიდევ უფრო მეტს იღებენ, ვიდრე აქამდე იღებდნენ. ეს არის უსინდისობა და ამორალური ქცევა! გიმეორებთ, ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ დასახელებისგან, მაგრამ აუცილებლად დავასახელებ საჯაროდ იმ მაღაზიებს და კომპანიებს, რომლებიც ხალხს უსინდისოდ ექცევიან. ხალხზე იყრიან ჯავრს, რომ ეს ხალხი ისევ მთავრობას გაუბრაზდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.