
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აშშ-შია. როგორც "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანია არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგული პარტნიორობის აღდგენა, არამედ „უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იყო".
დელეგაციაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. ისინი ასევე იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში "პრორუსი" რესპუბლიკელი ანნა პაულინა ლუნას მიწვევით ჩავიდა. კონფერენციებში მონაწილეობა ან არაოფიციალური ფორმატის ღონისძიებები კი, მათი თქმით, არ ნიშნავს ოფიციალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეს მხოლოდ „ოცნების" მხარდამჭერებზეა გათვლილი აჩვენონ, რომ იზოლაციაში არ არიან.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ კონფერენცია, რომელზეც მისი კოლეგები არიან მიწვეულები 4 მარტს იწყება. ამის გარდა, კონფერენციის მიღმა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ჩვენი ამოცანაა, შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით ამ ვიზიტს ვუყურებთ, როგორც კიდევ ერთ წინ გადადგმულ კარგ ნაბიჯს. იმედი გვაქვს, ამ ვიზიტითაც და სხვა მიმდინარე შეხვედრებითაც ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ. ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. პროცესს ერთი წელი, თუ რამდენი ხანიც დასჭირდება, მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
- ლევან მახაშვილი: „ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად არ გვინდა, თორემ აქამდე იქნებოდა. ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამის გაკეთებას".
მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა სურს ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის ნიადაგზე.
„ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად არ გვინდა, თორემ აქამდე იქნებოდა. ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამის გაკეთებას. ლოდინის დიდი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს. ქვეყანას არსად ეჩქარება, მით უმეტეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მშვიდად დაველოდებით. ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ, რა თქმა უნდა, რაც ხელისუფლების ხელთ არის და პაუხისმგებლობაა, მაგრამ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით".
- გია ჯაფარიძე: „ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ლობისტურ ჯგუფებს ქირაობენ და მათი საშუალებით ცდილობენ როგორმე გზა გაკვალონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან... საუზმეები, სადილები და ვახშმები ლობისტური ჯგუფებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი სერვისი გაყიდონ".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ტვ პირველთან" ამბობენ, რომ „ოცნებამ" ხალხის გადასახადებით ლობისტური ჯგუფი დაიქირავა.
„ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ლობისტურ ჯგუფებს ქირაობენ და მათი საშუალებით ცდილობენ როგორმე გზა გაკვალონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. წინა შემთხვევაშიც ანალოგიურ რაღაცასათან გვქონდა საქმე, როცა ლობისტურმა ჯგუფებმა „ქართულ ოცნებას" უთხრეს, რომ ვიცე-პრეზიდენტი იქნებოდა ოლიმპიადის გახსნეზე, ჩავიდნენ და ეს მხოლოდ ფოტო შესაძლელობა იყო. ფოტო გადაიღეს და მერე ეს გაყიდეს, როგორც შეხვედრა, არანაირი შეხვედრა არ იყო. ასეთი საუზმეები, სადილები და ვახშმები ლობისტური ჯგუფებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი სერვისი გაყიდონ", -განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ.
"ანა პაულინა ლუნა საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა, კონგრესმენია. თავის დროზე კი იძახდა, რომ აი, ტრამპისტი ვარ, მაგრამ გარიყულია, პრინციპში, ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღები წრეებისგან და რეალურად არაფერს წარმოადგენს. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთან შეხვედრაც მოახერხა დიმიტრიევმა, როცა იყო ვაშინგტონში ჩასული, იმიტომ, რომ დანარჩენა ყველამ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. მართლა არ წარმოადგენს ანა პაულინა ლუნა იმდენად სერიოზულ ძალას, რომ ეს "ოცნებისთვის" რამე სასიხარულო იყოს, - ამბობს "თავისუფალი მოედნის" წევრი ზურა ფარჯიანი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ასკვნის, რომ ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს.
„ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბულენტობაში გადარჩეს. თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის" გარდა. მის ტრენდს ნუ აჰყვებით. ვინც არ უნდა ჩავიდეს ამერიკაში ან ევროპაში და იმას მოითხოვს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მას უნდა მივესალმოთ," - განაცხადა ვოლსკიმ.