ნატალია ჯვარიძე
03.03.2026

მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკამ ირანი დაბომბეს, თბილისში ირანის მოქალაქეების ნაწილი გამოვიდა და ომის დაწყებას ზეიმობდა. მათ ქართველი ოპოზიციონერებიც შეუერთდნენ და ეს ყველაფერი დიდი ცეკვა-თამაშით დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილმა ირანის მაგალითი საქართველოშიც ისურვა. „ქართულმა ოცნებამ" კი, შეტაკების დროს დაღუპულთა გამო მხარეებს მიუსამძიმრა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშების შედეგებს ზეიმობენ.

"ბედნიერები ვართ, მადლობა ტრამპს, მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს",- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ირანზე თავდასხმაზე დიდი სიხარული გამოხატა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც დაწერა, რომ „დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო ეს ტკბილი ხმა გამაგონე ცემს მამულში".

  • საქართველოს მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანს, ასევე ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

„ხამენეის ამბავი რომ გავიგე ტკბილად ჩამეძინა და სიზმარში უცებ გამომეცხადა ზვიგენის საქმის მოსამართლე ქალი და ვითომ ყურში ნაზად მიჩურჩულებდა "ჩემო მიშიკო ხომ ნახე რეები ხდება, ხოდა ზვიგენის საქმის განხილვა ასეთი დიდი ხნით იმიტომ გადავდე, რომ მანამდე ან ზვიგენი მოკვდება ან მისი პატრონიო"

ბატბიძინა მიხედე მაგ ქალს ან სიზმარში რატომ მეჭრება, ან ასეთ რამეებს რატომ ლაპარაკობს? საერთოდ ქალი უნდა იყოს ბუტკაში და ზვიგენი ოკეანეში", - წერს სააკაშვილი.

საქართველოს მთავრობამ 2 მარტს განაცხადა, რომ „ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს", სამძიმარს უცხადებს როგორც ირანს, ასევე ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა პირველ რიგში „ირანელ ხალხსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას" და აღნიშნა, რომ „მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა იქ ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის უზენაესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის და ათობით ბავშვის".

„მთავრობა ასე უსამძიმრებს ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს".", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლების სამძიმარი გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა:

„შენი ქვეყნის ანძა ირანის ფერებში კი არ უნდა გაანათო, რომელსაც 40 000-მდე ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ჰყავს მოკლული. მხარდაჭერა ასეთი სახით არ უნდა გამოუცხადო. ვითომდა ეს იყო სიმბოლურად. როდესაც ასეთი ამბები ხდება, როდესაც სისასტიკესთან გვაქვს საქმე, ჩამოხრჩობასთან, დახვრეტასთან - მინიმუმ ქვეყნის ხელისუფლება ამას არ უნდა ახალისებდეს",- განაცხადა წიკლაურმა.

მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ რუსეთი ყველა ფრონტზე აგებს.

,,რუსეთი ყველა ფრონტზე აგებს: ვერ ახერხებს უკრაინაში გამარჯვებას, ვერ ახერხებს ცალმხრივი მშვიდობის დაწესებას, კარგავს ძველ მოკავშირეებს - სირიას, სომხეთს - და ახლა ირანსაც!" - წერს ზურაბიშვილი.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძეც გამოეხმაურა და დაწერა:

„უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს" დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ.

არ არსებობს მულტიპოლარული სამყარო, თუ შენს გავლენის ცენტრს ვერ იცავ.

„ქოცების" ბოდვაც გავიხსენოთ, მრავალვექტორიზმით აჟიტირებულები ირანში და აშხაბადში რომ ჩავარდნენ.

ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს",- წერს დეკანოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×