
ოპოზიციური ალიანსის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება- გაერთიანების მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსები მას „ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ „ახალი არაფერია", ხოლო „ოცნებაში" უკვე წინასწარმეტყველებენ, რომ ახალი ერთობა ისევე დაიშლება, როგორც შეიქმნა.
ოპოზიციონერების 2 თვიანი ანონსის შემდეგ ალიანსი შეიქმნა, ოღონდ არასრული სიით, დოკუმენტს ხელი 9 პარტიამ მოაწერა. „ლელო" და „გახარია - საქართველოსთვის" ალიანსისგან დისტანცირებას არჩევენ, ამბობენ, რომ მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ.
ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძე ამბობს, რომ „შედგა ისტორიული დღე, რამეთუ საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას."
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ალიანსში ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. უცნობია ისიც, გაიზიარებს თუ არა ახალი ალიანსი ძველი გაერთიანებების ბევრჯერ ნანახ ფინალს.
შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებებისთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", სტრატეგია აღმაშენებელი, „ფედერალისტები",ედპ და „ევროპული საქართველო",
„დარაბებს მიღმა" დარჩენილები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე ამბობს, რომ ის მოსახლეობის იმ უმრავლესობათან რჩება, რომელიც თავს ნაციონალური მოძრაობის მიღმა ხედავს.
„მიხარია, თუ ვინმე დღევანდელი შეხვედრის კადრებში საკუთარი შეხედულებების წარმომადგებლებს დაინახავს. თუმცა სინამდვილეში ახალი არაფერია: ნაციონალური მოძრაობის ძველი თანამოაზრეები და თანაგუნდელები ერთად დასხდნენ. ეს ძალიანაც კარგია, ამომრჩეველს ნაკლებად დააბნევს და დროს ნაკლებად დააკარგვინებს. თუმცა დღევანდელი შემადგენლობა წარმოადგენს მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნების 20-25%-ს. მე ვარ იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ნაციონალური მოძრაობის მიღმა."
პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის თქმით, ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების" ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში.
„ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება". ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით გააკეთეს „ოცნების" საქმე, შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ" და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი კავშირი ჩვენ არ გვაქვს."
კონტრარგუმენტები
„კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და ალიანსის წევრი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იმ ხალხს მიმართავს, ვისაც ჰგონია რომ „ნაცობა ტეხავს"
„საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, „ვარდების ხელისუფლებაში", ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ. „ნაცობა ტეხავს" ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ. ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს."
მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციის ალიანსის" შექმნას. ზურაბიშვილი წამოწყებაში ხედავს „მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს", რომელიც „კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე" მივა.
„მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს! როგორც ქართული ქარტიის ინიციატორი, ამ წამოწყებაში ვხედავ მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის - რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად."
- სალომე ზურაბიშვილი: „მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს!
ალიანსზე იმედებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ამყარებს.
„თუ ჩვენ გვინდა დასავლეთი დაგვეხმაროს, თუნდაც მეტი სანქციებით ან წინააღმდეგობის მოძრაობის ყოველმხრივი მხარდაჭერით, ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ ერთიანობა და ძალა. დღეს ოპოზიცია აჩვენებს ერთიანობას, ახლა უნდა აჩვენოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს სექტორული სანქციების მოთხოვნა დიქტატურის წინააღმდეგ, მათ შორის კომპეტენტური მხილება ივანიშვილის დახმარების რუსეთისადმი და ირანისადმი, სანქციების გვერდის ავლაში და ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა ბოლო წლებში ბოლომდე აიღო თავზე ხელი და გაგიჟდა, არის უკრაინელების სისხლით და ირანელების უბედურებით მოპოვებული უდიდესი ფული," - განაცხადა სააკაშვილმა.
„ოცნების" ანონსი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა".
„ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა: „მიწა ხარ და მიწად იქეცი" - თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" არიან და ეს მოსაზრება ამ გაერთიანებით თავად დაადასტურეს.
„ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე დაშილილი ავტომობილს შეადარა. მისი თქმით, ასეთი გაერთიანება თავშივე განწირულია, რადგან ეს არ არის ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანება.
- ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს,
„ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი - „ნაცმოძრაობის" სახით, ჯერ კიდევ 2012 წელს დაშლილებში ჩააბარა, მაგრამ დაშლილების ნაწილებიდან ისინი ყოველ ჯერზე, არჩევნებზე, აწყობდნენ და აკოწიწებდნენ, რათა არჩევნებამდე მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, 10-ჯერვე დამარცხდნენ და დაშლილებში ჩაბარდნენ.
ახლა დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო და ეს ნიშნავს, რომ ის ავტომობილი „ნაცმოძრაობის" სახით, ვერასოდეს აღდგება, რადგან დაშლილებშიც აღარ იბარებენ. (...)ახლა ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია. სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში."-განაცხადა მაჭარაშვილმა