
ირანსა და აშშ-ისრეალს შორის სამხედრო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და შეიძლება ხანგრძლივი, ქრონიკული ხასიათი მიიღოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ამ სცენარისტვის მზადაა და ძლიერი დარტყმები ჯერ წინაა. ამ ფონზე ირანი შიშმა და პანიკამ მოიცვა, ხალხი თეირანიდან და დიდი ქალაქებიდან გადის.
თვითმხილველების თქმით, რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს კი შეზღუდვები აქვთ დაწესებული, რაც მიგრანტებს იძულებულს ხდის შემოვლითი გზებით ისარგებლონ.
ამ ეტაპზე საქართველოში ირანიდან მიგრანტების განსაკუთრებული მოდინება ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, თუმცა რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარება ზრდის კითხვებს უსაფრთხოებისა და მიგრაციული პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სხვადასხვა ინფორმაციით, ბოლო ორ-სამ დღეში ირანიდან მოქალაქეების გადასვლა ძირითადად თურქეთსა და აზერბაიჯანში დაფიქსირდა და ეჭვია, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო და შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მქონე ქვეყანა, ირანელი ლტოლვილებისთვის შეიძლება დროებითი თავშესაფარი გახდეს. აქვე ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ირანელები საქართველოში ჩამოვიდნენ არა მიგრაციული ტალღის პრინციპით, არამედ აქ მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებთან.
სად მიდიან ძირითადად ირანელები
„როიტერზი" წერს, რომ 2 მარტს ირანთან აშშ-ისრაელის იერიშების ფონზე, ასობით ირანელმა გადაკვეთა თურქეთის საზღვარი. გაქცეული მიგრანტები ამბობენ, რომ თეირანში პანიკაა, ხალხი გარბის, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებში გრძელი რიგებია. ამავე დღის დილით ანკარამ თურქეთ-ირანის სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთი დღით ჩაკეტა არალეგალი მიგრანტებისთვის და თურქეთი მხოლოდ საკუთარ და მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლას უშვებდა. თუმცაღა, შუა დღისთვის ირანელებმა თურქეთში გადასვლა კაპიკოის სასაზღვრო გასასვლელიდან დაიწყეს დიდთოვლობის ფონზე.
„საკვების პრობლემა ან მსგავსი რამ არ არსებობს. ხალხს მხოლოდ საწვავის შოვნა აწუხებს ახლო და შორეული მოგზაურობისთვის. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია", - თქვა ერთ-ერთმა ირანელმა მიგრანტმა.
„ევრონიუსი" კი წერს, რომ კონფლიქტის ესკალაციის გამო აზერბაიჯანში ასობით ირანელი გადავიდა. ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ, „სულ მცირე 400-მა ადამიანმა იპოვა უსაფრთხო თავშესაფარი აზერბაიჯანში", ამათგან 100 აზერბაიჯანის, 20-მდე სხვა ქვეყნის, დანარჩენი კი ირანის მოქალაქეა.
საქართველო და ირანელი მიგრანტების ტალღა
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომის გახალრძლივება მიგრანტების გადინების საფრთხეს ქმნის, თუმცა საქართველო ამ მხრივ არც პირველი და არც მეორე დარტყმის ქვეშ არაა.
„ტრამპს ერთთვიანი ომიც კი არ უნდა აწყობდეს, მაქსიმუმ ერთ-ორკვირიანი, მერე არჩევნები მოდის. ის იმიტომ აირჩიეს, რომ ომები დასერულებინა და არა დაეწყო. იზოლაციონისტი ტრამპი აირჩიეს - არ გვინდა მსოფლიო, გიჟები არიან, დაგვანებონ თავი, ჩვენ ამერიკას მივხედოთო. კუბა და ვენესუელა კიდევ გასაგებია, მაგრამ დაუსვამენ კითხვას, რა გინდა ირანში? მით უმეტეს, ამის გარდა, თუ კიდევ ჯარისკაცები დაეღუპება, თუნდაც 10-15-20, კიდევ მეტად გაამძაფრებს სიტუაციას - ამერიკისთვის ერთი თვე ძალიან ბევრია.
„ომი თუ თუნდაც ერთი-ორი კვირა გაიწელა, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, ირანელები ამას აიტანენ. თუ კიდევ უფრო გაიწელა, რა თქმა უნდა ირანიდან გარკვეული ტალღები გავა, მაგრამ საქართველოს ეს ნაკლებად ეხება. აქ შეიძლება ჩამოვიდეს 100-200, მაქსიმუმ 500 ადამიანი. ძირითადად ალბათ ერაყში წავლენ, შიიტები ცხოვრობენ და დიდი დარტყმა იქნება ამ მხრივ ერაყზე, ასევე აზერბაიჯანზეც.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ომი თუ თუნდაც ერთი-ორი კვირა გაიწელა, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, ირანელები ამას აიტანენ. თუ კიდევ უფრო გაიწელა, რა თქმა უნდა ირანიდან გარკვეული ტალღები გავა, მაგრამ საქართველოს ეს ნაკლებად ეხება."
„ირანელი მიგრანტები შეიძლება უფრო მეტად არაბული ქყეყნებისკენ წავიდნენ, ერაყისკენ, სირიისკენ და ხმელთაშუა ზღვისკენ გავიდნენ და მერე იქიდან ევროპაში, ან თურქეთში გადავიდნენ. საქართველო ირანელი ლტოლვილების ტალღის არც პირველი და არც მეორე დარტყმის ქვეშ არაა. როცა ლტოლვილების ტალღას ვამბობთ, აქ იგულისხება მათთვის ბანაკების შექმნა, სახელმწიფოს მიერ რაღაც სახსერების გამოყოფა მათი კვებისთვის, სამედიცინო მომსახურებისა და გადაადგილებისთვის - ეს გამორიცხულია, ამ დონის ტალღა არ იქნება. თუმცაღა ქუჩებში შეიძლება რაოდენობრივად გარკვეული ზრდა შევამჩნიოთ, თუ ვინმე ირანიდან საქართველოში შემოვა, ისინი ჩამოვლენ აქ მცხოვრებ ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ანუ წინასწარ ეცოდინებათ მისამართები. შემთხვევით და ბრმად ლტოლვილები საქართველოში არ შემოვლენ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველოს შეზღუდვები აქვს დაწესებული.
„ირანიდან მიგრანტები საერთოდ შემოდიან და მათთან ისტორიული კავშირი არსებობს. ახლა ომის დაწყების შემდეგ რა ხდება, არ ვიცი. ვიცი, რომ დიდი მიგრაციაა აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოში დღეს უკვე მიგრაცია აიკრძალა და როგორ და რა იქნება, უცნობია. ჩამოსული ემიგრანტების საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით ალბათ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.
- ავთანდილ სულაბერიძე: „აქ ძალიან ბევრი ირანელია ჩამოსული, ბუნებრივია ისინი თავის ნათესავებს ჩამოიყვანენ და ახლა საზღვრის დაცვის დეპარტამენტზეა დამოკიდებული რამდენად სწორად მოიქცევა და რამდენ ემიგრანტს მივიღებთ".
„ბოლო გამოკვლევით, საქართველოში საერთო მიგრანტებიდან 26%-ია მუსულმანი ჩამოსული", - განაცხადა მან.
კითხვაზე, არის თუ არა მოლოდინი, რომ თუ ირანში ომი გაჭიანურდა, შეიძლება მოემატოს ჩვენთან ირანელი მიგრანტების რაოდენობა, სულაბერიძემ გვითხრა:
„მოლოდინი არის, მაგრამ რა რაოდენობით და როგორ მოიმატებს არ ვიცი, ერთი ეს ვიცი, რომ ირანში ქართველთა რაოდენობა დაახლოებით 1-2%-ია. თვითონ ირანელი მოქალაქეების ჩამოსვლის მოლოდინიც მაქვს, რადგან აქ ძალიან ბევრი ირანელია ჩამოსული, ბუნებრივია ისინი თავის ნათესავებს ჩამოიყვანენ და ახლა საზღვრის დაცვის დეპარტამენტზეა დამოკიდებული რამდენად სწორად მოიქცევა და რამდენ ემიგრანტს მივიღებთ. ჩვენ ემიგრანტების მიღების საშუალება არ გვაქვს, იმიტომაც საქართველოდან მიგრანტების დეპორტაციები დავიწყეთ, ამას რომ ირანელები გაიგებენ, შეიძლება აქეთ ნაკლებად წამოვიდნენ",- განაცხადა სულაბერიძემ.