
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე შიდა ამბების განხილვისას აცხადებს, რომ ოპოზიციამ გაერთიანებაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სხვანაირად „ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებენ. არც იმას გამორიცხავს, ამ კოალიციას დანარჩენი ოპოზიციაც შეუერთდეს. ამბობს, რომ მთავრობის ანტიევროპული რიტორიკა მათ კიდევ ბევრ სიურპრიზს მოუმზადებს.
„რეზონანსი": რას ფიქრობთ აქ ოპოზიციის გაერთიანებაზე?
ი.კ: ოპოზიცია დარწმუნდა, რომ ამ რეჟიმს სხვანაირად ვერ დაამარცხებს. მან ისიც გაიგო, რომ შეცდომა იყო, როცა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მათ რომ ამაზე უარი არ ეთქვათ, ენმ და სხვებიც მეტ ხმებს აიღებდნენ და უფრო გაძლიერდებოდნენ. ახლა დაფიქრდნენ, რომ ცალკ-ცალკე ბიძინა ივანიშვილს ვერ მოერევიან, ეს გამორიცხულია. მე როგორც ვიცი, უცხოელი პარტნიორები ეუბნებიან, რომ გაერთიანება აუცილებელია. სხვა საკითხია, რას იზამენ პარლამენტში - გაერთიანდებიან, თუ არა. ამ შემთხვევაში საჭიროა არჩევნებისთვის ერთობა. ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ ერთად იქნებიან, მეტი შანსია კოალიციური მთავრობა შეიქმნას. რაც შეეხება გახარიასა და „ლელოს", გამორიცხული არ არის ისინიც არჩევნების წინ ამ კოალიციას შეუერთდნენ.
„რ": როგორ შეაფასებდით ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების - „იმედისა" და „პოსტივის" დასანქირებას?
ი.კ: მე სულ ვამბობდი, რომ ძაფი სადაც სუსტია, იქ გაწყდება და ასეც მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ბრიტანეთის მიმართ არასწორი იყო. ბრიტანეთი ისეთი ქვეყანაა, რომლის გავლენა მთელ მსოფლიოში დიდი და ძლიერია. ამ ქვეყნების ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან გართულდა. რა საკითხმა მოიტანა ეს შედეგი? ეს გამოიწვია გაუთავებელმა კრიტიკამ „ქართული ოცნების" მხრიდან და მათ პასუხებმა, განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილის მხრიდან.
პაპუაშვილს ვურჩევ გაიხსენოს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა და უნდა იფიქროს დიპლომატიაზე. ისინი ცდილობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები წყობილებიდან გამოიყვანონ და სხვათაშორის, ახერხებენ კიდეც. ეს მხოლოდ ბრიტანეთზე არ ხდება, მთლიანად ევროპაა სამიზნეში. უმჯობესია თავი დაანებოს სხვების შეურაცხყოფას. ხშირად იყენებენ ფრაზებს - „ფაშისტებს" და სხვებს, ეს არ შეიძლება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და სიფრთხილე გვმართებს. საქართველომ თავისი ადგილი უნდა ნახოს, ის არ არის სამხრეთ კავკასიაში წამყვანი სახელმწიფო. ამას აზერბაიჯანი რომ აკეთდებდეს, პრობლემა არ არის, რადგან მას ყველა შესაძლებლობა აქვს. სომხებმაც შეიძლება გააკეთონ, რადგან მათი დიასპორა ყველგანაა და სერიოზული გავლენები აქვთ. ჩვენ კიდე, როცა არანაირაი უპირატესობა არ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ.
ჩვენ კიდე უნდა ველოდოთ ბევრ რამეს ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის წევრებისგან. მათ კარგად იციან, რომ საქართველო არ არის ძლიერი ქვეყანა სხვადასხვა საკითხებში. ლოდინის პოლიტიკაზე არაფერი სმენიათ? არაფერი არ იციან. სამწუხაროა, რომ არც თვითონ იციან და არც სხვებს უსმენენ.