
"4 დიდი ბურჯი არსებობს, რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა" - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაცემა "დებატებში" აცხადებს, რომ ნებისმიერი ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა 4 ძირითად მიმართულებას უნდა დაეფუძნოს: პრევენციას; მკურნალობასა და რეაბილიტაციას, მათ შორის ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას; ზიანის შემცირებას და ნარკოტიკების მიწოდების შეზღუდვას.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები პრაქტიკული თვალსაზრისით სწორედ ამ ოთხივე მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ემსახურება. მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური მიწოდება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გარემოში გვინდა იცხოვრონ და გაიზარდონ მომავალმა თაობებმა.
"ოთხი დიდი ბურჯი, რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ პრევენციას, მაქსიმალურად ამ კუთხით უნდა დავიხარჯოთ, მეორე - მკურნალობა, მათ შორის რეაბილიტაცია... არა მხოლოდ ნარკოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური, სოციალური - ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე არის ზიანის შემცირება და ამაზეც კიდევ მოგვიწევს საუბარი იმიტომ, რომ არცთუ იშვიათად არის, როდესაც შეცდომით ხდება ამ ყველაფრის განმარტება. და ბოლოს, ეს არის მიწოდების შეზღუდვა.
ვფიქრობ, რომ ბოლო დროინდელი ცვლილებები პრაქტიკული თვალსაზრისით ყველა ამ ოთხი მიმართულებით, არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თითოეული მიმართულებით რომ ჰქონდეს ქვეყანას განვითარება.
მთავარი არის, რომ მკაცრია თუ რბილია, ვიდრე ამ კითხვას დავსვამდეთ, ალბათ მთავარი ფაქტორი, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ პრაგმატული თვალსაზრისით, რა არის ჩვენი ამოცანა? და აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, თვითმიზანი ხომ არ შეიძლება იყოს ან მკაცრი პოლიტიკის ქონა, ან მკაცრი პოლიტიკის უქონლობა?! მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტად შემცირდეს ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი; რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს პრევენციაც, მკურნალობაც, ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც და რასაკვირველია აქ უნდა იყოს ზიანის შემცირება. ყველა ამ სამი დანარჩენიდან გამომდინარეობს, თუმცა აქვს თავისი ავტონომიური ფუნქციებიც.
ამიტომ, ჩემთვის პირადად, პირველი და მთავარი ამოცანა არის, განვსაზღვროთ - რა საზოგადოებაში მინდა იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ჩემი შვილი და რამდენად მას უნდა ჰქონდეს მაგალითად, იოლი ხელმისაწვდომობა, თავისუფალი, აბსოლუტურად მარტივი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ საშუალებასთან. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ლეგალური ნარკოტიკის მიწოდება, ლეგალურად მიწოდება, ეს უბრალოდ მიწოდება მარტო იმიტომ, რომ ასეთი ფასონი გვინდა გვქონდეს, ასეთი მოდაა და ასე თვლის ვინმე, რომელიმე ქვეყანა და ა.შ. ეს სწორი არ არის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.