
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სურვილების მიღმა მმართველი პარტია ანტისახელმწიფოებრივ ინტერესს ხედავს. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინა და დაადასტურა, რომ მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებაა.
მიხეილ სააკაშვილის ინსპირაცია ირანში განვითარებული მოვლენები გახდა. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მთავარსარდალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოშიც მოვლენების ამგვარი განვითარების სურვილი გამოთქვა.
საკუთარი ლიდერის პოსტის შინაარსმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბნეულობა გამოიწვია. სააკაშვილის მომხრეების ნაწილმა თავი აარიდა კითხვას, თავად მოეწონათ თუ არა ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის განცხადების ახსნას ზოგადი შეფასებით შეეცადნენ. ოპოზიციის ნაწილისთვის კი სააკაშვილის პოსტის აზრი ადეკვატურობას მოკლებულია.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სურვილები მმართველ პარტიაში არ უკვირთ. სახელისუფლებო გუნდში მისი მმართველობის პერიოდს იხსენებენ და სააკაშვილს ურჩევენ, საკუთარი წარსული გააანალიზოს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 2012 წლამდე საქართველო სწორედ დიქტატორული მეთოდებით იმართებოდა და ამის დადასტურებაა ის 400-გვერდიანი დასკვნაც, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი შეისწავლა და დასკვნა წარმოადგინა.