
ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ამავდროულად, ეს არის თავდასხმა იმ ასეულობით ათას მაყურებელზე, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს მათ არ იციან რას უსმენენ და არ შეუძლიათ გამოიტანონ თვითონვე დასკვნები იმ ფაქტებზე, რომლებზეც ეს ორი ტელევიზია მსჯელობს, აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.
„კიდევ ერთი მცდელობა და დადასტურება იმის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტებს არ აწყობთ თავისუფალი სიტყვის და სიმართლის საუბარი, როგორც ებრძვიან თავიანთ ქვეყანაში ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ჩაახშონ თავისუფალი მედიის საქმიანობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.