
ისრაელი ირანის მტერი არ იყო, ირანი იყო ისრაელის მტერი - მნიშვნელოვანია, ვინ დაინიშნება უახლოეს დღეებში ახალ აიათოლად, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისი შეფასებით, ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე, ისრაელი როგორც სახელმწიფო აღიაროს და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ.
„ირანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მათ ჰქონდათ შანსი, რომ ეს [ომი] თავიდან აეცილებინათ. ირანს გამოწვევა ჰქონდა მსოფლიოს წინააღმდეგ - ბირთვული პროგრამა, რომელსაც ის ნებისმიერ შემთხვევაში ახორციელებდა. ბირთვული პროგრამა სახიფათო იყო რადგან, ირანი ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობდა და აჟღერებდა, რომ ისინი არ უნდა არსებობდნენ. შესაბამისად, ბირთვული პროგრამა საფრთხეს აძლიერებს. ისრაელი ირანის მტერი არ იყო - ირანი იყო ისრაელის მტერი. ყველა ის აგრესია, რომელიც ისრაელიდან მოდის, პირველადი არ არის - ეს არის ირანში მიმდინარე პროცესების საპასუხო რეაქცია.
ამით ისტორია იწყება - ირანში რეჟიმის ჩამოშლა მარტივი არ არის. შიგნიდან უნდა მოხდეს რეფორმა, სულ სხვა იდეოლოგია მართავს ირანს, ვიდრე ნებისმიერ სახელმწიფოს. ისლამი იყენებს სახელმწიფოს, როგორც მართვის ინსტრუმენტს. ეს უკუღმართი ფორმაა, რამაც ირანი ჩიხში შეიყვანა.
კონსტიტუციით ახალი აიათოლა უნდა დაინიშნოს. იქ სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს და ასე ვინმე მოვიდეს და დაჯდეს მმართველად - არ გამოვა. შიდა რეფორმებია საჭირო. მოსულმა უნდა შეცვალოს ისლამური და შიიტური ხელისუფლების მმართველობა და გადაიყვანოს მონარქიაზე ან რესპუბლიკაზე. მნიშვნელოვანია, ვინ დაინიშნება უახლოეს დღეებში ახალ აიათოლად. თუ იქნება რეფორმატორი, კარგი ნიშანი იქნება, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ხამენეიზე რადიკალური ვინმე იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხოცვა დაიწყება და ისრაელი და ამერიკა უკვე იმ ადამიანის განადგურებას მოინდომებენ. მთავარია, რომ ირანში მიხვდნენ, რომ მთავარია რეფორმა.
უარი უნდა თქვან ამ დაწყევლილ ბირთვულ პროგრამაზე და ისრაელი როგორც სახელმწიფო უნდა აღიარონ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილმა ისაუბრა განვითარებული პროცესების გავლენაზე რეგიონში.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს პოლიტიკა ჩამოუყალიბებელი, არაკომპეტენტური და უვიცია - საერთოდ არ არიან აზრზე რა ხდება“.
ზაქარეიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკაზე ხედვა არ აქვს და მათ არ იციან სად და როგორ მიდიან.
„სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ თბილისის ანძის ირანის ფერებში განათება - ეს გვაფიქრებინებს, რომ ირაკლი კობახიძე ტყუილად არ იყო ირანში [ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის] ინაუგურაციაზე. საქართველოს პოლიტიკა ჩამოუყალიბებელი, არაკომპეტენტური და უვიცია - საერთოდ არ არიან აზრზე რა ხდება - როგორ შეიძლებოდა ანძის ირანის ფერებში განათება, როცა ასეთი სიტუაციაა?
„ქართულმა ოცნებამ“ არ იცის რას აკეთებს, ძალიან დაბნეულია. შეიძლება, ოპოზიცია კარგად დააბნია, ბოიკოტი გამოაცხადებინა, პარლამენტში არ შევიდნენ და ქვეყანაში სიტუაციას მთლიანად მართავს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე ხედვა არ აქვთ. არ იციან სად და როგორ მიდიან. სრულიად უგუნური პოლიტიკა აქვთ. ირანთან რომ ასე არიან, ამერიკა ამას უყურებს, არ გამოუვათ აშშ-სთან პოლიტიკის დალაგება. კარგი შეცდომა მოგივიდა და ინაუგურაციაზე წახვედი, გუშინწინ რომ ანძა გააფერადე - ეს რას ნიშნავს? აბსოლუტურად გამაღიზიანებლად იქცევა დასავლური სამყაროსთვის. შედეგი ისაა, რომ თავის თავს კი არა საქართველოს ამარცხებენ.
„ქართული ოცნება“ აზრზე არაა, რას აკეთებს. აზრზე რომ იყოს, ლოგიკა მაინც ექნებოდა - წარმოდგენა არ აქვთ როგორ იქცევიან“, - აღნიშნა ექსპერტმა.
კითხვას, როგორ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ თუ ირანში სამოქალაქო ომი დაიწო, ეს პირდაპირ არ შეეხება საქართველოს, მაგრამ შეეხება აზერბაიჯანს, რაც დევნილების აზერბაიჯანში წასვლით შეიძლება გამოიხატოს.
„თუ ირანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ეს პირდაპირ არ შეეხება [საქართველოს], მაგრამ შეეხება აზერბაიჯანს. ირანში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და შეიძლება ძალიან ბევრი დევნილი წავიდეს აზერბაიჯანში. ჩვენ პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს და დევნილები ასევე შეიძლება სომხეთშიც წავიდნენ. ბუნებრივია, რომ რაღაც ნაწილი ჩვენთანაც მოხვდება. ამ ნაწილში შეიძლება შეეხოს საქართველოს სუფთა რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე. რაც შეეხება პოლიტიკურს, საქართველო მსოფლიოსთვის გაუგებარი სახელმწიფოა. [განცხადებაში] ახსენეს დიპლომატია - რა დიპლომატიაზეა საუბარი, ირანი ემუქრება საერთოდ გაგანადგურებო. აქაც კი ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ილაპარაკონ, რომ კარგად თუ არ გამოჩნდებიან, ცუდად მაინც არ გამოჩნდნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.