რეზონანსი
01.03.2026

სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ.

„სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.

რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ.

ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს“,- წერს დეკანოიძე.

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დარტყმები განხორიელდა. დადასტურებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა რეჟიმის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად. კვირას, 1-ელ მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×