რეზონანსი
28.02.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

„შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიები გავმართოთ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ. ველოდებით, რომ ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, რითაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაში წვლილს შევიტანთ. მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს, ვიდრე აქამდე იყო. შევეცდებით, დისკუსიები ამ თემის ირგვლივ გავმართოთ. საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ამერიკულ მხარეს, თუმცა ეს ვიზიტი რომ შედგება, თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც სახის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში მიწვევის შესახებ ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ კონგრესმენი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია.

„რაც შეეხება ანა პაულინა ლუნას, ის ე.წ. მაგა მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრია. ეს მოძრაობა დაკავშირებულია ჩარლი კირკის ფონდთან. ყველამ კარგად ვიცით, ჩარლი კირკი როგორ ახლოს იყო ამერიკის პრეზიდენტთან და მის გუნდთან. ამიტომ, თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ქალბატონი პრორუსია, მაშინ შეუძლიათ, იგივე შეფასება ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე გააკეთონ, რადგან ეს ადამიანი დაახლოებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×