
„მე როგორც ერთი მოქალაქე, ბრიტანეთზე ნაწყენი დავრჩი“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „იმედისა“ და POSTV-სთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „იმედის“ დასანქცირება არ არის დემოკრატიული და პროპორციული ნაბიჯი. ამასთანავე, გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ არ მოგწონს ამა თუ იმ ტელევიზიის რიტორიკა, მათთვის აქტივების გაყინვა არასწორია.
„ჩვენ გვაქვს დემოკრატია, ვიბრძვით დემოკრატიისთვის, არის არხი „იმედი“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკა და თავის ხაზს ატარებს. შესაძლოა, თქვენ არ მოგწონთ, არც მე მომწონს ძალიან ბევრი რამ, რასაც ლაპარაკობენ „იმედში“, მაგალითად „დიფსტეიტზე“, შავ ძალებზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია. რაღაცას ვუყურებ, მაგრამ ძირითადად არ ვუყურებ. იმის გამო რომ არ მოგწონს, ფული წაართვა და აქტივები გაუყინო, არ არის სწორი და დემოკრატიული. საბჭოთა კავშირში რომ ვიყოთ კარგით, მაგრამ ახლა ეს არ არის სწორი.
მე როგორც ერთი მოქალაქე, ბრიტანეთზე ნაწყენი დავრჩი. ჩვენ რომ შევხედოთ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკას და რასაც ეგენი ლაპარაკობენ, ერთი-ერთში ლაპარაკობს „ფოქსნიუსი“ და ცნობილი ჟურნალისტები. გადავხედე, უფრო მკაცრი რიტორიკა აქვთ ამ მიმართულებით ისეთ ცნობილ ტელეწამყვანებს და ჟურნალისტებს, როგორიც არის კარლსონ ტაგერი, გლენ დიზენი, ჯეფრი საქსი, მეშ ჰაიმერი… „ფოქსნიუსს“ ხომ ვერ დაასანქცირებენ, რადგან ის ამერიკაა? რადგან ჩვენ ვართ კავკასიის პატარა ქვეყანა, ამიტომ ჩვენ შეუძლიათ დაგვასანქცირონ? ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, რომელიც არის მეტ-ნაკლებად პატრიოტი და თავმოყვარე, ასეთ ნაბიჯს, რომელიც არაპროპორციულად არის გადადგმული, არ მოიწონებს.
ამით მიაღწიეს მათ „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერებას. „ქართულ ოცნებას ოპოზიციამ რომ მოუგოს არჩევნებით, მათ უნდა გადმოიბირონ თავის მხარეზე „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩევლები. როდესაც ნეიტრალური ადამიანი ხედავს ასეთი დონის უაზრო უსამართლობას იმ მხრიდან რომელიც ასოცირებულია ოპოზიციასთან, მას საერთოდ აღარ უნდა, რომ ხმა მისცეს ოპოზიციას“, - განაცხადა გიორგი ქობულია.