
ჯეფრი ეფშტეინის საქმეზე ჰილარი კლინტონის მსგავსად, ბილ კლინტონის დაკითხვაც კვლავ დახურულ კარს მიღმა იმართება. კომიტეტის წესების შესაბამისად, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩვენების დაწყებამდე ფიცი დადო. პროცესი ერთსაათიანი რაუნდებით მიმდინარეობს, კითხვების დასმის უფლება მონაცვლეობით აქვთ რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს.
პედოფილიასა და სექს-ტრეფიკინგში ბრალდებული ფინანსისტის საქმეზე, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის შეკითხვებს უკვე უპასუხა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. კანონმდებლები მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ეპშტეინის საქმის გამოძიებაზე კლინტონების თანაპარტიელებმაც ისაუბრეს. საგამოძიებო კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა მოითხოვა, კომიტეტს ჩვენება დონალდ ტრამპმაც მისცეს. ამასთანავე, რობერტ გარსიამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქმეში ტრამპის წინააღმდეგ არსებული მასალების დამალვაშიც დაადანაშაულა.
მედია წერს, რომ ბილ კლინტონი ამერიკის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც იძულებულია, კონგრესის საგამოძიებო უწყებას ჩვენება საკუთარი ნების წინააღმდეგ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2002-2003 წლებში, მან ოთხჯერ ისარგებლა ბრალდებული ფინანსისტის კერძო თვითმფრინავით; ექსპრეზიდენტი ფიგურირებს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქმეზე გასაჯაროებულ ფოტომასალაშიც.