
უკრაინის ევროკავშირში შესაძლო სწრაფი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
„მე ვიცი – და ეს იქნება ევროკომისიის პოზიცია – რომ სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების შემდეგ, რომლებიც უკრაინამ უნდა განახორციელოს“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისარმა.
კოსის თქმით, არ შეუძლია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელება.
„თუმცა მე მჯერა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც უკრაინა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს“, – განაცხადა კოსმა.
ამასთან, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტი რამდენიმე თვეში იქნება წარდგენილი.
კითხვაზე, თუ რამდენი ხანი სჭირდება ევროკომისიას თავისი პროექტის წარდგენისთვის, კოსმა უპასუხა, რომ „საუბარია რამდენიმე თვეზე“.
„ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ვართ. ბოლოს და ბოლოს, საქმე ევროპის მომავალს ეხება“, – აღნიშნა კოსმა.