
ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody s-ის მეტად პოზიტიურ ანგარიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ასახულია საქართველოს საბანკო სექტორის რისკების განახლებული შეფასება. გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთი წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიშის თავისებური გაგრძელებაა, რომელიც 16 თებერვალს გამოაქვეყნდა.
„მოგეხსენებათ, სააგენტო S&P Global Ratings-ის ეკონომიკური და საბანკო სექტორის რისკების კომბინირებული შეფასების მიხედვით, საქართველო რეგიონში ყველაზე ხელსაყრელ და დაბალრისკიან კატეგორიას წარმოადგენს, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ნაკლებად რისკიანი, სტაბილური და უფრო უსაფრთხოა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ნიშანდობლივია, რომ Moody s-ის ანგარიში კიდევ უფრო შორს მიდის, საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივის უარყოფითიდან სტაბილურამდე შეცვლის თვალსაზრისით, რაც პირველ რიგში ფინანსური სტაბილურობის სიგნალია. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადია და შეუძლია გაუმკლავდეს გარე და შიდა შოკებს.
მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, პირველად საქართველოს ისტორიაში წარმატებით განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ჩართულობა და მათი ხელმისაწვდომობა Bloomberg-სა და Intercontinental Exchange (ICE | indices.ice.com) გლობალურ პლატფორმებზე, რაც არის ახალი პერსპექტივა ქვეყნის კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით. ყველა ეს ფაქტორი აჩვენებს ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოებული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ეფქეტურობას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. საბანკო სექტორის გაუმჯობესებული რეიტინგებისას ბანკებს უადვილდებათ უცხოურ საკრედიტო ბაზრებიდან ფულის მოზიდვა. თავის მხრივ, შედარებით იაფი ფულადი რესურსების მოზიდვა, შეამცირებს საბანკო სესხების დაფინანსების ღირებულებას, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთების კარგ პერსპექტივას ქმნის. ეს კი ნიშნავს სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით, ბიზნესისა და იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის დადებით იმპულსის შენარჩუნებას.
მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშები და გლობალურ საინვესტიციო პლათფორმებზე ჩართულობა აძლიერებს საქართველოს ფინანსურ იმიჯს, ამცირებს რისკის აღქმას და ქმნის უფრო სტაბილურ გარემოს ეკონომიკური განვითარებისათვის. რაც მთავარია, ყველაზე კარგად ასახავს ასახავს არა მხოლოდ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, არამედ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს, მიუხედავად არსებული გეო პოლიტიკური გამოწვევებისა, თუ ოფიციალური ბრიუსელის ან ლონდონის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის მცდელობებისა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.