
ჟენევაში სამსაათიანი დიპლომატიური რაუნდის შემდეგ, ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციებმა შესვენება გამოაცხადეს და მასკატის საელჩოს შენობა დატოვეს.
მხარეებს შორის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებები არაპირდაპირი ფორმატით ტარდება. სწორედ ომანელმა შუამავლებმა წარუდგინეს დღეს ირანულ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკრეტული პირობები.
ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ერთადერთი პირობა არ არის, რომელსაც ვაშინგტონი თეირანს უყენებს. ამერიკული მხარე ითხოვს, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა და დაფინანსება შეწყვიტოს. საუბარია ლიბანსა და ერაყში მოქმედ "ჰეზბოლაზე", იემენელ ჰუსიტებზე და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასზე". ამასთან ერთად, თეთრი სახლის მოთხოვნით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო შეიარაღების განვითარებაც უნდა შეაჩეროს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე, თეთრი სახლის პოზიცია ჯეი დი ვენსმა გაახმოვანა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი "პრობლემის" დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ვაშინგტონს ქმედების ალტერნატიული ვარიანტებიც უკვე მომზადებული აქვს.
ცნობილია ოფიციალური თეირანის პოზიციაც. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმების დადებისთვის მზად არის, თუმცა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ან გაუქმებას არ აპირებს.
ვაშინგტონსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ესკალაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება. რაფაელ გროსი მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, ეს ერთადერთი გზაა ნგრევის, მსხვერპლისა და რეგიონული არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად.
ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ გადაწყვეტს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხს. ვიდრე დიპლომატები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან, ირანის გარშემო ორი ავიამზიდი, სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდები და ათასობით ამერიკელი სამხედროა მობილიზებული, რომლებიც პენტაგონიდან ბრძანებას ელოდებიან.